მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ავტობუსების ტენდერში - მერიას სატენდერო პირობების მორგებაში ადანაშაულებენ

5c06905aa16be
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.18 20:05
1074
ჩინური კომპანიის „ჰაიგერის“ იურისტს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე შეკითხვები აქვს. ბადრი ნიაური ფიქრობს, რომ 220 ახალ ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი, კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობამ სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაწერა კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა დაზუსტების შედეგად სახელმწიფო შესყიდვა მოერგო კონკრეტულ კომპანიებსა და ავტობუსებს.

„სიმართლე არის ერთი, რომ პირობები არის მორგებული კონკრეტულ ავტობუსებზე. კონკრეტული დაზუსტებული პარამეტრები სატენდერო დოკუმენტაციაში არის - ავტობუსების გარბენი და ზომები. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მან განსაზრვროს, რა ტიპის სავარძელი იყოს, რა მოცულობის კარი უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს საუბარი სტანდარტულად აღიარებულ ავტობუსებზე. სხვა საკითხია კიდევ ის, რომ ვყიდულობთ, გაზზე მომუშავე ავტობუსებს, რომლებიც არის მოსიარულე ნაღმები“,- აცხადებს იურისტი.

იურისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს არ არის ერთადერთი საეჭვო ფაქტი.

მისი ვარაუდით, კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში უკვე დიდი ხნის აპრობირებული სქემით მოქმედებენ. ბადრი ნიაურის თქმით, ტენდერში დისკვალიფიცირებულმა კომპანია „გრავიტამ“, რომელიც მისი თქმით, „თეგეტა მოტორსთან“ არის დაკავშირებული, სპეციალურად არ დააზუსტა დოკუმენტაცია, რათა თავისი ადგილი, უფრო ძვირი შეთავაზებით სამომავლოდ „თეგეტას“ დაუთმოს. იურისტის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ სახელმწიფო შესყიდვიდან მეორე პრეტენდენტის „ჯითი ჯგუფის“ დისკვალიფიკაციაც მოხდება.

ბადრი ნიაური დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში ტენდერში „თეგეტა მოტორსი“ გამოჩნდება, რომელიც ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე პრეტენდენტებში ჯერ არ ჩანს.

„კომპანია „გრავიტა“ არის „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია, მისი დამფუძნებლის სახელი ამას მარტივად ადასტურებს. მან ხელოვნურად არ დააზუსტა მის მიერ მოგებული ტენდერი. საოცრებაა - მოიგო ტენდერი და დააზუსტა ისე, რომ მიეღო დისკვალიფიკაცია. მომდევნო პრეტენდენტი არის „ჯითი ჯგუფი“, სადაც ფასი არის გაცილებით მეტი - მილიონ ნახევრით.

დაე, ვცდებოდე, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ამ კომპანიასაც მისცემენ დისკვალიფიკაციას და შემდეგი პრეტენდენტი იქნება კვლავ „თეგეტა მოტორსი“, რომელიც კიდევ უფრო ძვირ ფასაც შემოიყვანს ავტობუსებს“,- აცხადებს ბადრი ნიაური.

თეგეტა არის კომპანია, რომელმაც ამ დრომდე მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 90 ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით უკვე მოიგო. კომპანიაში აღნიშნულ ბრალდებელზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიაში შემავალმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 პატარა, რვამეტრიანი ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 79 მილიონ ნახევარი ლარია. ეს ნიშნავს, რომ თითო ავტობუსის ღირებულება საშუალოდ 361 ათასი ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დასრულდა. შესყიდვა აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პრეტენდენტის შეთავაზების ნახვა შეუძლებელია. თუმცა, რაც ზედაპირზე ჩანს არის ის, რომ კომპანია „გრავიტა“, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა, ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია. მისი შეთავაზება 220 ავტობუსის 79 მილიონის ნაცვლად 63 მილიონი ლარად შემოყვანა იყო. კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ ტენდერში იმარჯვებს კომპანია „ჯითი გრუპი“. მისი შეთავაზება 64,7 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები