„სილქ როუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის ტელევიზიით ა/წ 12 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც შეიცავდა „სილქ როუდ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის ბატონ გიორგი რამიშვილის, მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს.
„სილქ როუდ ჯგუფმა“ საქართველოში განახორციელა რამდენიმე წარმატებული დეველოპერული პროექტი, მათ შორის რედისონის ბრენდის სასტუმროები თბილისსა და ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსი „რესპუბლიკა“ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენი“ წინანდალში. აღნიშნული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება მოხდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების, დიზაინერების და სხვა მაღალი კლასის პროფესიონალთა ჯგუფების მონაწილეობით. გათვლილ იქნა ყველა დეტალი და უზრუნველყოფილ იქნა პროექტების პროფესიონალურად და მაღალი ხარისხით განხორციელება, ამასთან უმთავრესი პრიორიტეტი იყო გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა და მდგრადობის უზრუნველყოფა. ამგვარი მიდგომის შედეგად სილქ როუდ ჯგუფის პროექტებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა და თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მისი ცნობადობის ამაღლებაში.
სილქ როუდ ჯგუფი გახლავთ სერიოზული ინვესტორი, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1 მილიარდ აშშ დოლარმდე ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აჭარის რეგიონში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ ზემოხსენებულ სიუჟეტში გასულ მცდარ ინფორმაციას: ბათუმში რივიერას ტერიტორია შეძენილ იქნა 2006 წლის მაისში საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოსთვის გადახდილ იქნა 10,086,000 ლარი (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსით 5.6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იყო). ამას გარდა, ჩვენმა კომპანიამ გაისტუმრა სახელმწიფოს 2 კრედიტორი და მათთვის ჯამში გადახდილ იქნა 2,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ უპირობოდ შევიძნეთ ეს ქონება, არის საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანის მცდელობა.
ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ტრამპ თაუერის მშენებლობა, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო. ამ ეტაპზე გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ექვსი ნაგებობის მშენებლობას, მწვანე ფასადით და გამწვანებული პოდიუმებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს ბათუმის ტურისტულ პოტენციალს. სილქ როუდ ჯგუფი და მისი დამფუძნებელი, ბატონი გიორგი რამიშვილი რამდენჯერმე შეხვდა აჭარის საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს (მათ შორის, აჭარის ტელევიზიას) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქ. ბათუმის მერიის მესვეურებს ამ პროექტზე სასაუბროდ. შეხვედრებზე გაეცა პასუხი მრავალ კითხვას და გაკეთდა დეტალური განმარტებები. ეს შეხვედრები ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მოეწყო ბათუმელებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის პროექტის დეტალურად გაცნობის მიზნით, თუმცა ამის არანაირი სამართლებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა. პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა მსოფლიოში წამყვანმა არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების კომპანიამ „ჩეპმენ ტეილორმა“, რომელიც თავის საქმიანობაში უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენი ჯგუფი ითვალისწინებს ბათუმის რივიერას ტერიტორიის უნიკალურობას და ჩვენი დაკვეთით შემუშავებული გეგმის თანახმად, თითოეული ნაგებობისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარის ფართის მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველჰყოფს ნაგებობებს შორის საკმარისზე გაცილებით მეტ დაშორებებს. ინვესტორის მიერ ტერიტორიის მსგავსი ფორმით ათვისება იშვიათად გვხვდება მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტარის ფართობზე პარკის გაშენება, რაც ამ პროექტის უნიკალურობას განაპირობებს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სილქ როუდ ჯგუფმა აჭარის ა/რ მთავრობისგან შეიძინა ობიექტები და შემგდომში ისინი არ განავითარა, ან განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯგუფი უდიერად მოეპყრო დევნილებს - ეს ინფორმაცია მცდარია. ჩვენმა კომპანიამ აჭარის ა/რ მთავრობისგან საინვესტიციო პირობით შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების - სს „აჭარის კურორტების“ და სს „მესხეთის“ - აქციები და შესაბამისად, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ჩვენს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდილ იქნა 4 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა საკომპენსაციოდ გადახდილ იქნა 13,5 მილიონი აშშ დოლარი. ჩვენ ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახს გადავეცით კომპენსაცია, თუმცა, სილქ როუდ ჯგუფის მიერ ვინმეს გასახლება არ მომხდარა. ეს სახელმწიფოს ვალდებულება გახლდათ. ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა აჭარის სანაპირო ზოლზე ძველი, უსახური და ამორტიზებული საბჭოური შენობების დემონტაჟი, სადაც წლების განმავლობაში გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებოდნენ დევნილები, სანაპირო ზოლი გავათავისუფლეთ ნანგრვებისგან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისგან. საინვესტიციო ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებას ხელი შეუშალა ფინანსურმა კრიზისმა და 2008 წლის ომმა, რამაც ყველა ინვესტორს შეუქმნა სერიოზული პრობლემები. თუმცა, სილქ როუდ ჯგუფმა ომის დამთავრებიდან მალევე დაასრულა 2 სერიოზული პროექტი: ერთი თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის და მეორე ბათუმში სასტუმრო რედისონ ბლუს ბრენდით.
რაც შეეხება თქვენს სიუჟეტში ნახსენებ „ბტა ბანკს“ და აღნიშნულ ბანკთან დაკავშირებით ცილისმწამებლურ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყაზახური ბტა ბანკის მფლობელები საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდნენ და სურვილი გამოთქვეს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბტა ბანკსა და სილქ როუდ ჯგუფს შორის გაფორმდა შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულებები, ბანკმა 2008 წლის ომის შემდგომ შეწყვიტა თავისი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება იპოთეკების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას: გაურკვეველია რას ნიშნავს იპოთეკის გასაიდუმლოება, როდესაც იპოთეკის, ისევე, როგორც უძრავი ქონების შესახებ სხვა ინფორმაცია, საქართველოში საჯაროა და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი. სილქ როუდ ჯგუფმა 2014 წელს დაასრულა მოლაპარაკებები ბტა ბანკთან და ფაქტიურად ხელმეორედ მოუწია იმავე აქტივების გამოსყიდვა. შესაბამისად, ყველა იპოთეკა მოიხსნა. სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა 18 საკადასტრო ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც ისედაც იგეგმებოდა. ჩვენს მიერ სახელმწიფოსთვის დაბრუნებული მიწის ნაკვეთების ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე თავდაპირველად იყო, ვინაიდან მოხდა მათზე არსებული ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების მოსუფთავება და ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება.
სილქ როუდ ჯგუფი მზად არის დაიცვას თავისი რეპუტაცია მსგავსი სახის მცდარი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.