მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წვრილ აქციონერთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები

5a30e215f07ed
BM.GE
13.12.17 12:15
3262
თანამედროვე კორპორაციული მართვის ერთ-ერთ ძირეულ საკითხს წვრილ აქციონერთა უფლებების სამართლებრივი დაცვა წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფილია კანონმდებლობით, კომპანიის წესდებით და შიდა კორპორაციული მართვის სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტით.

კომპანიის წესდება და შიდა კორპორაციული დოკუმენტაცია დამოკიდებულია პარტნიორთა ნების გამოვლენაზე, კომპანიის მართვის ორგანოების მუშაობაზე და მართვის ორგანოთა შორის არსებულ ეფექტურ კოორდინაციაზე. აღნიშნულის შესაბამისად, ამ დოკუმენტთა შინაარსობრივი ფორმირება თვითონ პარტნიორთა და მათ მიერ არჩეულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და აღმასრულებელი საბჭოს აქტივობას ეფუძნება.

ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე შემუშავებული შიდა კორპორაციული დოკუმენტაცია რიგ შემთხვევებში უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის იმპერატიულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც პარტნიორთა შეთანხმებაში ან/და შიდა კორპორაციულ დოკუმენტში შესაბამისი სიცხადით არ არის რეგულირებული წვრილ აქციონერთა ამა-თუ იმ უფლების დაცვის კონკრეტული შესაძლებლობა. ასეთ დროს, უალტერნატივოდ გამოიყენება კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დებულება. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ კანონმდებლობის შინაარსობრივ ფორმირებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წვრილ აქციონერთა უფლებების სამართლებრივი დაცვის ეფექტურობის განსაზღვრისათვის.

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა იმ ძირითად მექანიზმს, რომელიც ეხმიანება წვრილ აქციონერთა სამართლებრივი უფლებების დაცვის საკითხს და მის შინაარსობრივ თავსებადობას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო)ს პრინციპთან.

1. წვრილ აქციონერთა უფლებების დაცვის ძირითადი მიზეზი

განსახილველი საკითხი პირდაპირ კავშირშია ღია სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობის შეზღუდვასთან. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დახურული სააქციო საზოგადოების კორპორაციული მართვის მოდელი ძირითადად მსხვილი პარტნიორის მიერ კომპანიის მართვით შემოიფარგლება, შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ამ ტიპის საზოგადოებების პასუხისმგებლობის შეზღუდვის უმთავრესი მიზეზი საზოგადოების კრედიტორთა ინტერესების დაცვაში მდგომარეობს.
სხვა შემთხვევა გვხვდება ღია სააქციო საზოგადოებაში, რომელიც აქციონერთა სიმრავლით და მართვის ორგანოთა უფრო დახვეწილი სტრუქტურით გამოირჩევა. ამ საზოგადოებების კორპორაციული მართვის სტრუქტურა მკვეთრად ემიჯნება დახურული სააქციო საზოგადოების კორპორაციული მართვის სტრუქტურას. ღია სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობის შეზღუდვის დამატებითი მიზეზი კრედიტორთა ინტერესების დაცვასთან ერთად, წვრილ აქციონერთა ინტერესების დაცვაც არის. მსგავსი დასკვნა ეფუძნება ორ გარემოებას: 1. ღია სააქციო საზოგადოება გამოირჩევა წვრილ აქციონერთა სიმრავლით და 2. ღია სააქციო საზოგადოებაში მკვეთრად გამიჯნულია კორპორაციული მართვის ორგანოთა ფუნქციები, სადაც საზოგადოების მმართველი პარტნიორი ნაკლებად მონაწილეობს კომპანიის მართვის სხვა ორგანოთა ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ წვრილ აქციონერთა უფლებების სამართლებრივი დაცვის ეფექტურობა პირდაპირ პროპორციულად აისახება კომპანიის კორპორაციული მართვის მთლიანი სისტემის ეფექტურობაზე.

2. აქციონერთა მიმართ თანაბარი დამოკიდებულების უზრუნველყოფა, როგორც ეთგო-ს კორპორაციული მართვის ერთ-ერთი პრინციპი

ეთგო-ს მიერ შემუშავებული კორპორაციული მართვის პრინციპებიდან, ერთ-ერთ პრინციპად, სწორედ წვრილ აქციონერთა უფლებების სათანადო დაცვა წარმოადგენს. კერძოდ, ეთგო-ს მიერ განსაზღვრულია, რომ “კორპორაციული მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს აქციონეთა უფლებების თანაბარი დაცვა, რომელიც მოიცავს როგორც წვრილ, ასევე უცხოელ აქციონერებს. თითოეულ აქციონერს უნდა გააჩნდეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისათვის“.

მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციონერის უფლებები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დიფერენცირებულია აქციონერთა ორი კატეგორია: ჩვეულებრივი, ე.წ. “ex-ante” და პრივილეგირებული, ე.წ. ex-post” აქციონერები. კერძოდ, კანონით რეგულირებულია, რომ თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, მაგრამ ის არ იძლევა ხმის უფლებას. ამასთან, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, კომპანიას გააჩნია შესაძლებლობა, რომ გაითვალისწინოს სხვა კლასის აქციების არსებობაც, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც კომპანიის წესდებით რეგულირდება საკითხი იმის შესახებ, თუ რა კლასის და რაოდენობის მქონე აქციონერს რა სახის უფლებები გააჩნია.

აქცონერთა სხვადასხვა უფლების მაშტაბის წესდების მეშვეობით ფორმირება იძლევა ფართო შესაძლებლობებს, რომ აქციონერთა საერთო კრებამ განსაზღვროს წვრილ აქციონერთა უფლებების დასაცავად შესაბამისი გარანტიები.

ეთგო-ს მიხედვით, აქციონერთა ძირითადი უფლებები უნდა მოიცავდეს:

• აქციაზე საკუთრების უფლების უსაფრთხო სარეგისტრაციო სისტემის არსებობას;
• აქციათა თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობებს;
• დროულად და რეგულარულად კომპანიის საქმიანობის შესახებ სათანადო ინფორაციის მიღებას;
• აქციონერთა საერთო კრებაზე მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებას;
• სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის და მათი გათავისუფლების შესახებ გადწყვეტილების მიღებას;
• კომპანიის წმინდა მოგების არსებობის შემთხვევაში, დივიდენდის მიღების შესაძლებლობას.
აქციონერთა საერთო კრებაზე მონაწილეობისა და კრების მიერ განსახილველ საკითხებზე შესაბამისი გავლენის მოხდენის მიზნით, ეთგო დამატებით გამოყოფს აქციონერთა უფლებეს, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ ისეთი საკითხების განხილვაში, როგორიც არის:
• კომპანიის წესდებაში ან/და სხვა შიდა კორპორაციულ მარეგულირებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების/დამატებების შეტანა;
• დამატებითი აქციების გამოშვება;
• არასტანდარტული გარიგებების დადება, რომელიც მნიშნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულების მოცულობაზე.
ეთგო-ს რეკომენდაციებთან ერთად გასათვალისწინებელია ასევე კორპორაციული მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი აქციონერთა შესაძლებლობა, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ისეთი საკიხების გადაწყვეტაში, როგორიც არის:
• კომპანიის ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის შეძენით, შერწყმით ან გაყოფით;
• კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება.
წვრილ აქციონერთა მიერ, აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის უფლებების დაცვის და სასურველი გადაწყვეტლების მიღების ერთ-ერთ მეთოდად ე.წ. სინდიცირებული შეთანხმება განიხილება, რა დროსაც საერთო ინტერესების მქონე აქციონერთა მიერ ხდება წინასწარი მოლაპარაკება კრებაზე განსახილველი ამა-თუ იმ საკითხის მათთვის სასურველი შედეგით გადაწყვეტის მიზნით. თუმცა, რიგ შემთხვევებში სინდიცირებულმა შეთანხმებამ შესაძლოა ეფექტურად ვერ უზრუნველყოს წვრილ აქციონერთა უფლებების დაცვა.

3. წვრილ აქციონერთა უფლებების დაცვის კანონისმიერი საშუალებები

კომპანიის წესდებით განსაზღვრული აქციონერთა უფლებების ამა თუ იმ სახით ფორმირებასთან ერთად საყურადღებოა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ძირითადი მექანიზმები, რომლებიც წვრილ აქციონერთა უფლებების დაცვას ეხმიანებიან.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ზოგადად განსაზღვრულია პირობა, რომ სააქციო საზოგადოების პარტნიორებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ კანონით და წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ასევე, ერთ-ერთი ზოგადი ხასიათის დებულება ყველა პარტნიორს ანიჭებს კომპანიის წლიური ანგარიშის ასლის და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლებას.

წვრილ აქციონერთა ცალკეული უფლების განსაზრვრა და ამ უფლების თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა კანონით თემატურად დაზუსტებულია მის სხვადასხვა დანაწესში. ერთ-ერთი ასეთი დებულება მდგომარეობს იმაში, რომ კანონი ყველა პარტნიორს ანიჭებს უფლებას მიიღოს მონაწილეობა პარტნიორთა საერთო კრებაში, თუ კი განსახილველი საკითხი კომპანის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს სცდება. ამასთან, კანონით ყველა პარტნიორი ხდება უფლებამოსილი, რომ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, კანონი სპეციალური ნორმით ახდენს იმის დაკონკრეტებას, რომ სააქციო საზოგადოება ხმის უფლების მქონე აქციონერთა არნაკლებ 1%-ის მფლობელებს იწვევს აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი აქციონერთა საერთო კრებაზე დასასწრებად.

კანონი რიგ შემთხვეებში ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ საერთო კრების მიერ განსახილველი საკითხი მიღებული იყოს კომპანიის წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, რომელიც შესაძლოა კანონით გათვალისწინებული პირობისგან განსხვავებულად აწესრიგებდეს წვრილ აქციონერთა კრებაში მონაწილეობას. ამ წესიდან არსებობს იმპერატიული ორი საგამონაკლისო შემთვევა, რაც ასევე ეხმიანება წვრილ აქციონერთა ინტერესების უკეთ დაცვას. კერძოდ, კომპანიამ საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქათველოს კანონით და არა წესდებით, თუ: 1. კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების ერთხმად მიღების შემთხვევას და 2. მისაღები გადაწყეტლების შინაარსი ქმნის არათნაბარ მდომარეობას ამა თუ იმ პარტნიორისათვის ან/და სხვაგვარად ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

საკითხი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მიჩნეული იყოს „პარტნიორის არსებით ინტერესად“ ყოველი კონკრეტული ფაქტისას შეფასების საგანია.

ამასთანავე, კანონი განსაზღვრავს, რომ „აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოიხოვონ სამეურნეო მდგომარეობის ან მთლიანი წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს“. გარდა ამისა, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს (ან აქციონერთა ჯგუფს) უფლება აქვს საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ:

• საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება;
• კომპანიის სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და დასადები გარიგებეის შესახებ ინფორმაცია ან/და გარიგებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილეების ასლები.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს უფლებას ანიჭებს, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ.

და ბოლოს, წვრილ აქციონერთა უფლებების სათანადო დაცვის შესახებ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აკეთებს სპეციალურ დათქმას დომიმანტი აქციონერების შესაძლო არაკთილსინდისიერი ქმედების საპირისპიროდ. აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს, რომ „თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგზე“. ციტირებულ ნორმაში არ ხდება იმის დაკონკრეტება, თუ როგორი ტიპის აქციონერები შეიძლება გახდნენ ხსენებული კომპენსაციის მიღების ბენეფიციარები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ აქციონერთა რიგში მოიაზრებიან წვრილი აქციონერები, რადგანაც ნორმა სწორედ დომინანტი აქციონერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგების დასაბალანსებლად მოქმედებს.

 დასკვნა

კომპანიის წესდების წვრილ აქციონერთა ინტერსების საწინააღმდეგო ფორმულირების საპირწონედ, კანონმდებელი რიგ შემთხვევებში აზღვევს მათ დომინანტი პარტნიორების მიერ წესდების შესაძლო არაკეთილსინდისიერი ფორმირებისაგან, რა დროსაც კანონი უთითებს არა წესდების, არმედ საკანონმდებლო ნორმების გამოყენების აუცილებლობაზე.

ეთგო-ს რეკომენდაციები გარკვეულწილად გაზიარბეულია საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც შეეხება წვრილ აქციონერთა შემდეგ უფლებებს:
• აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
• კომპანიის ჩვეული საქმიანობისგან განსხვავებული საკითხის განხილვის შესაძლებლობა;
• წლიური ანგარიშის ასლის და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება;
• მართვის ორგანოთა საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობა;
• კომპანიის სახელით დადებული ან/და დასადები გარიგებების ასლების მიღების უფლება.
საქართველოს კანონმდებლობის და ეთგო-ს რეკომენდაციების გარკვეული შინაარსობრივი თანხვედრა წვრილ აქციონერთა უფლებების ხარისხიან დაცვას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ დიდი სტიმულის მომცემია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობით დანტერესებული ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები