15.Apr .2016 17:48

ამბროლაურში, WiFi სისტემით ქალაქის სრულად დაფარვაა დაგეგმილი

views 1328
Back

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელსაც რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ქ. ამბროლაურის ხელმძღვანელები და საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
როგორც ქ. ამბროლაურის მერმა რატი ნამგალაძემ აღნიშნა 2016 წელს ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო გზის დამცავი ბეტონის კედლები, მიმდინარეობს ქუჩებისა და ჩიხების ასფალტირების სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ქალაქის მასშტაბით მოხდა 102 ერთეული ნაგვის ახალი კონტეინერის განთავსება, დასრულების ფაზაშია ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში კი იწყება კულტურის სახლთან მდებარე ე.წ. ,,მაგრელიოს“ სკვერის აღდგენა–კეთილმოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე ხორციელდება მდ. კრიხულაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარეობს გურგენიძის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები და ამავე ქუჩაზე იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა, ქალაქის რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება სპორტული ინვენტარი (ტრენაჟორები), გარდა ამისა დაგეგმილია ინტერნეტის ქსელით (WiFi სისტემა ) ქალაქის სრულად დაფარვა.

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ლომთაძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც. დასრულების ფაზაშია ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობა სოფ. ლიხეთსა და ხიდიკარში, უახლოეს პერიოდში კი ხიდების მშენებლობა–რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ( თხმორი, ღვიარა, ჩორჯო) იგეგმება, იწყება გზის რეაბილიტაცია მრავალძლის მიმართულებით, გზა კეთდება ამბროლაური–კრიხის მიმართულებითაც.

გუბერნატორმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს გაააქტიურონ მუშაობა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები საგაზაფხულო ხვნა –თესვის სამუშაოებთან დაკავშირებით. ამასთანავე მითითება მისცა ხელმძღვანელებს რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოხდეს სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. გუბერნატორმა აღნიშნა ისიც, რომ სოფლებში ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული პრობლემები და მოუწოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს აქტიურად იმუშაონ აღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით, პირველ ეტაპზე მოხდეს ნაგვის კონტეინერების განთავსება ქალაქის მიმდებარე სოფლებსა და ტურისტულად აქტიურ ადგილებში, შემდგომში კი ეტაპობრივად მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა ყველა სოფელში", - განმარტავენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციაში.