Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კორპორაციული მართვის თანამედროვე სისტემები

5a3e6259dbcc2
ლევან კოკაია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს მოწეული ლექტორი
23.12.17 18:00
1779
თანამედროვე კორპორაციული მართვა იცნობს სამ სისტემას, რომელიც დამახასიათებელია როგორც ანგლო-ამერიკული, ასევე რომანულ-გერმანული სამართლის ოჯახებისათვის. კერძოდ, სახეზეა ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და შერეული სისტემები.

კორპორაციული მართვის სისტემების არსებობა განსხვავებული ეკონომიკური და სამართლებრივი ბაზისის შედეგია, რაც დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის როგორც ბიზნესის განვითარების მრავალ ინდიკატორზე, ასევე სამეწარმეო კანონმდებლობის განსაკუთრებულ სპეციფიკაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის კორპორაციული მართვის აგებულება ემყარება როგორც საკანონმდებლო მოთხოვნებს, ასევე სხვადასხვა რეკომენდაციებს (რაც გამოხატულია კორპორაციული მართვის კოდექსებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, კორპორაციული მართვის პრინციპებით), დიდია თავად კომპანიების არჩევანის ფარგლები, თუ კორპორაციული მართვის რომელ სისტემას შეარჩევენ. ეს ყოველივე თითოეული კომპანიის გადასაწყვეტია, მაგრამ საგულისხმოა ის ძირითადი საკანონმდებლო დაშვებები ან/და აკრძალვები, სადაც კომპანიებს კორპორაცილი მართვის სისტემის ჩამოყალიბებისას ევალებათ გარკვეული საბაზისო ელემენტების გათვალისწინება, რა დროსაც კორპორაციული მართვის ამა თუ იმ სახით ჩამოყალიბებული სტრუქტურა წინააღმდეგობაში არ მოვა ეროვნულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. როგორც წესი, აღნიშნული საკანონმდებლო რეგულირების მიზანი კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: სპეციფიკური ფუნქციებით აღჭურვილი კომპანიის მართვის ორგანოთა კლასიფიკაცია, სადაც გამიჯნულია კომპანიის საოპერაციო მართვის და კონტროლის ფუნქციები; არსებულ ორგანოთა შორის არსებული ურთიერთქმედების ხარისხი და მართვის ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობის ფარგლები.

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს კორპორაციული მართვის თანამედროვე სისტემებს, მათ სპეციფიკას და ამ მიმართულებით არსებულ ქართულ საკანონმდებლო რეგულირებას.

1. ერთსაფეხურიანი სისტემა.

განსახილველი სისტემა ცნობილია, როგორც მონისტური ან უნიტარული სისტემის სახელითაც. აღნიშნული სისტემა ჩამოყალიბდა და განავითარდა აშშ-ი.

ერთსაფეხურიანი სისტემა კანონმდებლობით გათვალისწინებული მართვის ორი ორგანოს სახით გამოირჩევა. ეს არის აქციონერთა საერთო კრება, რომელიც კომპანიის მართვის ძირითადი ორგანოა და მის მიერ დაკომპლექტებული დირექტორთა საბჭო. კორპორაციული მართვის სხვადასხვა კოდექსში, ასევე შესაბამის ლიტერატურაში „დირექტორთა საბჭო“ ხშირად ნახსენებია, როგორც „აღმასრულებელი საბჭო“, „კოლექტიური აღმასრულებელი საბჭო“, „მენეჯმენტის საბჭო“ ან „დირექტორატი“, თუმცა, მათგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ტერმინია „დირექტორთა საბჭო“, რის გამოც, წინამდებარე სტატიაშიც ეს ტერმინი იქნება ნახსენები.
დირექტორთა საბჭო ორი, ფუნქციურად ერთმანეთისგან ურთიერთგამიჯნული წევრებისგან არის დაკომპლექტებული. ესენი არიან: 1. საბჭოს ის წევრები, რომლებიც კომპანიას წარმოადგენენ მის ყოველდღიურ საქმიანობაში (ე.წ. „ინსაიდერი“, აღმასრულებელი დირექტორები) და 2. საზედამხედველო და მაკონტროლებელი უფლებამოსილებით აღჭურვილი საბჭოს წევრები, რომელთა საქმიანობა წარმომადგენლობითი ფუნქციის მქონე დირექტორთა საქმიანობის კონტროლია (ე.წ. „არაინსაიდერი“, არააღმასრულებელი დირექტორები). კომპანიის შიგნით, სხვადასხვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საბჭოს მაკონტროლებელი წევრები დამოუკიდებელი დირექტორები არიან, რომელთაც არავითარი ფინანსური ან/და სხვა სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ კომპანიასთან ან/და მის რომელიმე შვილობილ კომპანიასთან.

წარმომადგენლობითი ფუნქციებით აღჭურვილი დირექტორები ანგარიშვალდებულნი არიან მაკონტროლებელი ფუნქციით აღჭურვილ დამოუკიდებელ დირექტორებთან და ასევე, აქციონერთა საერთო კრებასთან. მსგავსი ორმაგი ანგარიშვალდებულება გამომდინარეობს აქციონერთა საერთო კრებასა და არააღმასრულებელ დირექტორებს შორის არსებული ურთიერთობით და ასევე, დირექტორთა საბჭოს ფარგლებში, აღმასრულებელ და არააღმასრულებელ დირექტორებს შორის არსებული ურთიერთობის სპეციფიკით. კერძოდ, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია საბჭოს ნებისმიერი წევრის არჩევა და ასევე მისი გათავისუფლება. ამავდროულად, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა არააღმასრულებელ დირექტორთა უფლებამოსილებაშიც თავსდება. საბჭოს ფარგლებში წევრთა ფუნქციების მსგავსი სახით კლასიფიცირების მიზანია მაქსიმალურად მოხდეს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესაძლო არაკეთილსინდისიერების აღმოფხვრა, რითაც დაზარალდებოდა აქციონერთა და საზოგადოდ, კომპანიის ინტერესები. არააღმასრულებელი დირექტორების მიერ ობიექტური კონტროლის განხორციელებით, მცირდება იმის ალბათობა, რომ აქციონერები გარკვეული რისკის წინაშე დადგნენ, რაც შიდა კორპორაციული მართვის არაეფექტურობით იქნებოდა გამოწვეული.

არააღმასრულებელი დირექტორების ე.წ. არაინსაიდერული სტატუსი ობიექტურობის უფრო მეტ გარანტიას ქმნის, თუმცა გასათვალისწინებელია შემთხვევა, რა დროსაც შესაძლოა არაინსაიდერი დირექტორების მხრიდან ადგილი ქონდეს საკუთარი ფუნქციების არაობიექტურად განხორციელების შესაძლებლობას. მსგავსი ქმედებების საწინააღმდეგოდ არააღმასრულებელი დირექტორებიც შეიძლება დაექვემდებარონ პერსონალურ პასუხიმგებლობას. მაგალითად: თუ აღმასრულებელი დირექტორი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც მიზანმიმართულად კოტრდება კომპანია, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულნი არიან არააღმასრულებელი დირექტორები და ისინი მსგავსი შედეგების აღსაკვეთად არავითარ ღონისძიებას არ მიმართავენ.

2. ორსაფეხურიანი სისტემა.

კორპორაციული მართვის ორსაფეხურიანი სისტემა, რომელსაც სხვანაირად დუალისტურ სისტემასაც უწოდებენ, ძირითადად კონტინენტური სამართლის მქონე ქვეყნებში აღმოცენდა და განვითარდა. განსაკუთრებით, აღნიშნული სისტემა გერმანული კანონმდებლობიდან იღებს სათავეს.

დუალისტური სისტემა ერთმანეთისგან მკაფიოდ მიჯნავს კომპანიის მართვის და კონტროლის ფუნქციებს სრულიად დამოუკიდებელი მართვის ორგანოების მეშვეობით. კერძოდ, ამ სისტემაში წარმოდგენილია აქციონერთა საერთო კრება, რომელიც აკომპლექტებს სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორთა საბჭო. თავის მხრივ, მართვის ეს უკანასკნელი რგოლი გარკვეული ვადით ინიშნება სამეთვალყურეო საბჭოს ეგიდით. იერარქიულად დირექტორთა საბჭო ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს და აქციონერთა საერთო კრების წინაშე.

ერთსაფეხურიანი სისტემისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში დირექტორთა საბჭოს არც ერთი წევრი არ გვევლინება მაკონტროლებელ პირად. ეს ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოს აქვს გადაცემული. დირექტორთა საბჭო პასუხისმგებელია ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შესრულებაზე და ის წარადგენს კომპანიას გარე ურთიერთობებში.

სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია დირექტორთა საბჭოს კონტროლში გამოისახება, რასაც ერთგვარი სამედიატორო როლი აქვს აქციონერთა საერთო კრებასა და დირექტორთა საბჭოს შორის. კერძოდ, ერთის მხრივ სამეთვალყურეო საბჭო პასუხს აგებს ეფექტური კონტროლის განხორციელებაზე, კომპანიის მიერ დასადები მნიშვნელოვანი გარიგებების ანალიზზე და მეორეს მხრივ, ის სრულად ანგარიშვალდებულია აქციონერთა წინაშე კომპანიის სტრატეგიული მართვის კონტროლის კონკრეტულ შედეგებზე.

კორპორაციული მართვის კლასიკური ორსაფეხურიანი სისტემა გამორიცხავს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისათვის გარკვეული წინაპირობების არსებობას. მაგალითად, გერმანიაში სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭო იმისგან დამოუკიდებლად, ეს საზოგადოება ღია თუ დახურული ტიპის არის. ცხადია, ერთსაფეხურიანი სისტემის მსგავსად, მოცემულ სისტემაშიც სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება არაინსაიდერი პირებისგან ხდება. კანონმდელობამ ინსაიდერი პირების არჩევაც შეიძლება დაუშვას სამეთვალყურეო საბჭოში, მაგრამ რაოდენობრივად მათი რიცხვი არ უნდა აჭარბებდეს არაინსაიდერ პირებს. აღნიშნულის მიზეზი კი დირექტორთა საბჭოს კონტროლის უფრო მეტი მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით აიხსნება.

3. შერეული სისტემა.
კორპორაციული მართვის შერეულ, იგივე ჰიბრიდულ სისტემას არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა იცნობს. ასე მაგალითად, ბელგიური და ფრანგული კანონმდებლობა შესაძლებელს ხდის, რომ სააქციო საზოგადოებამ შექმნას კორპორაციული მართვის ისეთი სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთსაფეხურიანი და ორსაფეხურიანი სისტემისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები.

შერეული სისტემის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოაყალიბონ ერთსაფეხურიანი სისტემისთვის დამახასიათებელი აღმასრულებელი და არააღმასრულებელი ფუნქციებით აღჭურვილი დირექტორთა საბჭო, ამის პარალელურად დააკომპლექტონ სამეთვალყურეო საბჭო და კომპანიას დამფუძნებელი დოკუმენტით განუსაზღვრონ იმის შესაძლებლობა, რომ დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრი ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყოს.

ჰიბრიდული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე წინაპირობის არსებობა, რა დროსაც კომპანიას დაევალებოდა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, აქციონერთა ნებაზე ხდება დამოკიდებული შეიქმნება თუ არა სამეთვალყურეო საბჭო, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში განსახილველი სისტემა განსაზღვრავს კომპანიის მართვასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელ დირექტორთა საბჭოს ფუნქციებს.

4. ქართული კორპორაციული მართვის სისტემა.

თავდაპირველად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობდა კორპორაციული მართვის კლასიკურ გერმანულ - ორსაფეხურიან მოდელს, თუმცა, აღნიშნულ კანონში 2008 წელს შესული ცვლილებების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ კანონმა შერეული მართვის სისტემას მიანიჭა უპირატესობა. კანონში მოიპოვება რამდენიმე ისეთი დებულება, რომელიც თანაბრად განასახიერებს როგორც ერთსაფეხურიან, ასევე ორსაფეხურიან სისტემებს. კერძოდ ეს დებულებები მდგომარეობს შემდეგში:

• განსაკუთრებული შემთხვევების გარდა სააქციო საზოგადოება არ არის ვალდებული შექმნას სამეთვალურეო საბჭო;
• სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობის შემთხვევაში, კანონით დადგენილი მისი ფუნქციები კომპანიის წესდებით შეიძლება გადანაწილდეს საწარმოს მართვის სხვა ორგანოებზე, ისევე, როგორც დირექტორების ფუნქციები შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს;
• კომპანიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი იყოს ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი/დირექტორები;
აღსანიშნავია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ორი ისეთი დებულება, რომელიც ქართული კორპორაციული მართვის შერეული სისტემის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. კერძოდ:
• „თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი მაინც უნდა იყოს პირი, რომელიც არ არის აღნიშნული საზოგადოების თანამშრომელი ან ამ საზოგადოებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი და არ არის ჩართული მის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამასთანავე, დამოუკიდებელია“;
• „სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამ საზოგადოების დირექტორი“;
• „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია შეიტანოს სარჩელი ამ საზოგადოების დირექტორების წინააღმდეგ, თუ იგი თავად არის დირექტორი. ასეთი სარჩელის შეტანა შეუძლია სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრს, რომელიც არ არის ამ საზოგადოების დირექტორი“.
კანონით მოთხოვნილი მსგავსი იმპერატიული დანაწესები კომპანიის კონტროლის და მართვის ფუნქციების მკვეთრ გამიჯვნას განაპირობებენ, რაც დადებითად აისახება კომპანიის უფრო დახვეწილი სტრუქტურის ფორმირებაზე.

5. დასკვნის მაგიერ.

ცალსახად რთულია იმის თქმა, თუ კორპორაციული მართვის რომელი სისტემა არის უფრო მეტად მოქნილი. ეს საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც ამა-თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელ მრავალ ფაქტორზე, ასევე თვით კომპანიათა არჩევანზეც. მეტწილად კომპანიებს რჩებათ იმის შესაძლებლობა, რომ სარეკომენდაციო ხასიათის კორპორაციული მართვის კოდექსის დებულებათა გაზიარებით დააკომპლექტონ თავიანთი მართვის ორგანოები და გაითვალისწინონ მათი უფლებამოსილების ფარგლები.

იმისგან დამოუკიდებლად, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით რომელი სისტემა არის გათვალისწინებული, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა კომპანიებს თავაზობს რამდენიმე კრიტერიუმს, რომელთა გათვალისწინებაც მართვის ორგანოთა ეფექტურობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა.

კერძოდ, არსებული რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიის მართვის ორგანოს/ორგანოთა ან/და მათ წევრთა შორის ფუნქციები ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს კომპანიის წარმომადგენლობითი, მართვის და მონიტორინგის ფუნქციები. ამასთანავე, მაკონტროლებელი ფუნქცია არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ფიქციურ კონტროლში, რაც გულისხმობს მხოლოდ შესაძლო დარღვევათა სტატიკურ ფიქსირებას. მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე ორგანოს ან/და შესაბამისი ორგანოს წევრებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი უფლებამოსილება, რომ დარღვევათა აღმოჩენისას ადეკვატური რეაგირება მოახდინონ მათზე. გარდა ამისა, როგორც საშემსრულებლო, ასევე მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე პირების დანიშვნის და გათავისუფლების მექანიზმი უნდა იყოს მოქნილი, რაც გულისხმობს როტაციის წესით საკვანძო ფუნქციის მატარებელ პირთა პერმანენტულ ჩანაცვლებას.