Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს საგარეო ვალი 15 მილიარდი დოლარია

56fd3fb65b554
BM.GE
31.03.16 19:17
1099
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.0 მლრდ აშშ დოლარი (35.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 107 პროცენტია; 2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 357.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 441.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.0 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.4 მლრდ აშშ დოლარი (10.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 219.2 მლნ აშშ დოლარი (525.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 782.5 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 650.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.4 მლრდ აშშ დოლარი (10.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.4 მლრდ აშშ დოლარი (22.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 67.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.5 მლრდ აშშ დოლარია (8.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.0 პროცენტია.

2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.