იაპონური კორპორაცია Toshiba თავისი ბიზნესის ძირითადი ნაწილის - კომპიუტერებისა და სმარტფონების მეხსიერების ჩიპების წარმოების გაყიდვას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ტაივანურ კომპანიასთან Foxconn Technology და ციფრული ტექნოლოგიების მეგა-გიგანტთან Western Digital მიმდინარეობს.
როგორც Toshiba-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, იაპონური ელექტრო-გიგანტი თავისი ბიზნესის ნაწილს იაპონიის მთავრობის კუთვნილ ფონდს Innovation Network Corporation of Japan-ს მიყიდის. მისივე თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გარიგება 2018 წლის მარტისთვის დაიხუროს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შტატების ბაზარზე ბირთვული ელექტროსადგურის ბიზნესში წამგებიანი გარიგების გამო, სერიოზული დანაკარგები განიცადა, რაც კორპორაციას შესაძლოა, 6 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდეს. სწორედ ამის გამო გასული წლის დეკემბრიდან დღემდე, Toshiba-ს აქციები უკვე 45 პროცენტით გაუფასურდა. როგორც ჩანს, ზარალის დაბალანსებას კომპანია სწორედ ჩიპების ბიზნესის გაყიდვით აპირებს.
Toshiba-ს ჩიპების წარმოება მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ის მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩება და კორპორაციის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ერთეულის ღირებულება 18 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება შეფასებული.
Toshiba-ს ჩიპების წარმოების განყოფილების შეძენის სურვილი ისეთმა კორპორაციებმაც გამოთქვეს, როგორიც Apple-ი და Amazon-ია.