Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე: ამას შემცირებას არ დავარქმევდი

592d5dd2da810
BM.GE
30.11.17 17:00
1977
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს აფასებს.

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2,1%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება როგორც გასული წლის აპრილის მონაცემს(4,3%), ასევე მიმდინარე წლის მარტის მონაცემს - 5,3%.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აპრილის მაჩვენებელს შემცირებას არ დაარქმევდა. ნინო ჯავახაძე წელს 2,1%-იან ზრდას გასული წლის მაღალი მაჩვენებლით ხსნის.

"შემცირებას არ დავარქმევდი. გააჩნია, რასთან შედარებით არის მცირე? ჩვენ ვადარებთ წინა წელს - წინა წლის აპრილში იყო 4,3% ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ბაზა იყო საკმაოდ მაღალი, მასთან შედარებით წლევანდელი ზრდა არის საკმაოდ ნორმალური ციფრი.

რაც შეეხება დარგებს, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მეტალურგიის, უძრავი ქონების და სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით. სასტუმროების და რესტორნების მიმართულება ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის ზრდასთან და აქ ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა საგარეო სექტორის მიმართულებით, როგორიცაა ექსპორტი - 28% იყო აპრილში, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო ვიზიტორები.

ნეგატიური ტენდენცია შედარებით გვაქვს აპრილში მხოლოდ, სამშენებლო სექტორში. დროებითი აქტივობა შენელებული ყო. ეკონომიკა ციკლური ხასიათის არის და ეს ტენდენციად არ უნდა ჩამოყალიბდეს და არც ჩამოყალიბდება. ასევე, საკვები პროდუქტების წარმოებაში, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, თხილის წარმოება-ექსპორტის მიმართულებით იყო პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო დაავადებასთან, რომელმაც მოსავალი გააფუჭა",- აცხადებს ნინო ჯავახაძე.

რაც შეეხება ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელს, რომელიც აპრილში 6%-ით არის შემცირებული, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ მაჩვენებლის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.

"ესეც ეკონომიკის ციკლურობიდან გამომდინარეობს. აპრილში შეიძლება შემცირება იყოს, მაისში მაღალი ზრდა დაფიქსირდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, თუ საგარეო ფაქტორებიც კარგად გაგრძელდება, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი 4%-იანი ზრდა არ იყოს მიღწეული",- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.