Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ივლისის ბოლოს საქართველოს სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისია ეწვევა

596616256da4e
თელარა გელანტია
12.07.17 16:27
862
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობა ვალის მართვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე სსფ-თან და მსოფლიო ბანკთან ერთად აქტიურად მუშაობს.  როგორც გაგუამ "საქმის კურსს" განუცხადა, ივლისის ბოლოს ორი დონორის ერთობლივი ტექნიკური, შემაჯამებელი მისია სწორედ ამ თემაზე ეწვევა საქართველოს და სავარაუდოდ, დოკუმენტი ამის შემდეგ გასაჯაროვდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვალის მართვის სტრატეგიით განისაზღვრება საშუალოვადიან პერიოდში თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა ვალის აღებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, დოკუმენტმა პასუხი უნდა გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა - სესხის აღებისას რომელ ვალუტას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, როგორი უნდა იყოს ვალის კომპოზიცია და ა.შ.

„ახალი სტრატეგიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო მერყეობებზე ქვეყნის სახელმწიფო ვალის დამოკიდებულების შემცირება, რადგან ბოლო წლებში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების გამო, მათ ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი, მისი მომსახურება 35-დან 40%-მდე გაეზარდა. ბუნებრივია, ასეთი მერყეობები წარმოაჩენს იმის საჭიროებას, რომ ვალი უფრო ეფექტურად იქნას მართული“, - განაცხადა გაგუამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ.