Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესი "საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ" ახალ კანონს აფასებს

59f18af7596fd
დავით ჯალაღონია
26.10.17 11:11
737
საინვესტიციო ჯგუფის BGEO-ს შემადგენლობაში არსებული Georgia Global Utilities-ს ხელმძღვანელის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, „საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რეკომენდაციებით შემუშავდა, ენერგოსექტორისთვის გარანტირებული შესყიდვების პირობებთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ პრობლემებს მოაგვარებს.

"ეს ახალი კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მის ფარგლებში ყველა გრძელვადიანი კონტრაქტი, რომელსაც სახელმწიფო სისტემა დეველოპერს მისცემს, უნდა იყოს გამართლებული - ერთის მხრივ, რამდენად არის სისტემისთვის ხელსაყრელი და მეორეს მხრივ, რამდენად შეიძლება, ამან დამატებითი ვალდებულებები წარმოშვას სისტემისა და ბიუჯეტისთვის. ეს ახალი შემოთავზება გააკეთა სავალუტო ფონდმა, რაც აქამდე არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. ეს შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი გრძელვადიანი სატარიფო ხელშეკრულება, რომელიც დაიდება დეველოპერსა და სისტემას შორის, ამის ანალიზი უნდა მოხდეს - ფასები რამდენად არის საბაზროსთან ახლოს და თუ არის გადახრილი, რამდენი შეიძლება იყოს გადახრა, რომ მომავალში არ დააწვეს ეს თანხები გადასახადის გადამხდელს და სისტემამ აიტანოს“, - განმარტა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ისევ ზღვრული 6-ცენტიანი ტარიფი, რომელსაც სახელმწიფო ინვესტორებს ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიაში სთავაზობდა, არჩილ გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ტარიფი საბაზრო ფასს დაუახლოვდება.

"ტარიფი შეიძლება იყოს 5 ცენტი, ან - 7. ეს განისაზღვრება თვეების მიხედვით ანალიზით, თუ როდის რა საბაზრო კონიუნქტურაა და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ის რაც იყო აქამდე, 8-თვიანი სტრუქტურა შემოთავაზებული, ჩემი აზრით, არ იყო რისკების შემცველი და შეიძლება, დეველოპერებისთვის ფინანსურად მომგებიანი არ ყოფილიყო", - აღნიშნა მან.

არჩილ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, პოტენციური ვალდებულებების ანალიზს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი დეპარტამენტი გააკეთებს.

"ამ დეპარტამენტის უშუალო ფუნქცია იქნება ის, რომ იმ პოტენციური ვალდებულებების მინიმალიზაცია მოხდეს, რომელიც შეიძლება, კონტრაქტიდან წარმოიშვას“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მოქმედი წესების მიხედვით, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებას სახელმწიფო წელიწადში რვა თვის განმავლობაში იღებს.