Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ახალ პერსპექტივას გვიხსნის ხორცის მწარმოებლებს"

5a6d961b275dc
BM.GE
28.01.18 16:00
791
„მეცხვარეთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ბექა გონაშვილმა „საქმიან დილასთან“ დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

-როგორ შეაფასებთ 2017 წელს, რა პრობლემები გადაიჭრა და რა დარჩა?

-მეცხვარეობაში 2017 წელი წინა სამი წლისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო. ის, რაც 2016 წელს იყიდებოდა რაღაც კონკრეტულ თანხად, 2017 წელს იგივე ორჯერ მეტად გაიყიდა. ფასის ზრდა დაფიქსირდა და საექსპორტო ბაზრებზე ჩვენი გასვლა გასულ წელს კარგად წარმოჩინდა. განსაკუთრებით დაკლული ხორცის წარმოებას გამოვყოფ, რომლის ძირითადი შემსყიდველი ირანი იყო, თუმცა გალფის ქვეყნებიც შესაძლოა აღინიშნოს, მაგრამ იქ ძირითადად პატარა პარტიები გადის ხოლმე. განსაკუთრებით დიდი აქცენტი ჰქონდა ირანს, იმდენად დიდი, რომ დღეს საქართველოში ცხვარი, როგორც გასაყიდი სულადობა ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის. საუბარია შარშანდელ ბატკანზე და ჩვენი ინფორმაციით, დღესდღეობით რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის ცხვარი, რომელიც აქ იკვლება სასაკლაოებზე და შემდეგ ექსპორტზე გადის. ეს ცუდია თუ კარგი მეორე საკითხია, თუმცა ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ის სასაკლაოები, სადაც მათ დაკვლა ხდება გადასახადს იხდიან და აქედან გამომდინარე საქართველოში ღირებულება იქმნება. ამიტომაც ამაზე პრობლემას არ ვქმნით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აღნიშნული საკითხი მაინც დასარეგულირებელია.

ის საკითხი, რაც პრობლემად დარჩა, ჩემი აზრით, სამომავლოდაც კვლავ პრობლემას შექმნის, რაც შესასწავლი და კარგად გასაანალიზებელია. სურსათის უვნებლობის სამსახურს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როდესაც ცოცხლად შემოდის საქართველოში და იკვლება ცხვარი, დაკლულით რამე დაავადების გატანის შანსი ნაკლებად არსებობს, თუმცა, სანამ ის დაიკვლება სიფრთხილეა საჭირო, რომ კიდევ რამე ახალი დაავადების კერა არ გაჩნდეს, რისი რისკიც არის და ამიტომაც ვიყავით ცოცხალი საქონლის გადაყვანის და შემოყვანის მაქინაციების წინააღმდეგი.

ერთ-ერთი პრობლემა გადასარეკი ტრასებია, სადაც უკვე წინსვლა შეინიშნება. დაახლოებით 6 გასაბანებელი მოეწყო აღნიშნულ გადასარეკ ტრასებზე და ფერმერებს შეუძლიათ, სრულიად უფასოდ ისარგებლონ ამ მომსახურებით. აქედან სამი დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავთან და ბოლოს შაქრიანის ხიდთანაც სახელმწიფომ მოაწყო, ხოლო სამი რუსთავსა და მარნეულთან არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ დააფინანსა. გადასარეკი ტრასა, თვითონ დამაკავშირებელი ზოგი ტერიტორია უკვე გაყიდული იყო და ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ უკან დაიბრუნონ და ესეც დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ ამ მიმართულებითაც მუშაობენ. მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრობლემატური ის საკითხია, რომ გასული წელი საკმაოდ გვალვიანი იყო, რაც ძირითადად ზამთრის საძოვრებზე აისახა და საკმაოდ მწირია ბალახის საფარი. რთული პერიოდის გავლა მოუწევთ გაზაფხულამდე, სანამ ახალი ბალახი ამოვა ცხვრის გატანა იქამდე გაუჭირდებათ.

-მეცხვარეთა ასოციაციასა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია როგორია?

-საკმაოდ აქტიურად ვურთიერთობთ. არანაირი პრობლემა არ არის და ამ შემთხვევაში უკვე ხიდჩატეხილობას არ აქვს ადგილი. თუმცა, არის შემთხვევები ისეთი, როგორც მაგალითად, სურსათის უვნებლობის სამსახურმა მიიღო საკითხი, რომელიც ჩვენც გვეხებოდა და მთავრობისთვის ხმის მისაცემად ისე იყო გადაგზავნილი, რომ ჩვენთან არც კი განუხილავთ. კარგია სახელმწიფო კერძო სექტორს თუ ჩართავს და ის ჩინოვნიკი, რომელმაც ხმა უნდა მისცეს და საკითხი უნდა გადაწყვიტოს, საკმაოდ ბევრ პასუხისმგებლობას მოიხსნის ამ ყველაფერთან ერთად.

ვფიქრობ, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩინეთის მხარეს და მათთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას, რადგან იგი სრულიად ახალ პერსპექტივას გვიხსნის ზოგადად ხორცის მწარმოებლებს. შესაძლოა, ბევრი ქვეყანა დაინტერესდეს და საქართველოში დაიწყოს წარმოება ზუსტად იმის გამო, რომ ჩინეთის ბაზარზე შევიდნენ.
ბიზნესმენებმა და მეწარმეებმა ეს უნდა გაიაზრონ, რომ სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, რაც აუცილებლად ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. წლების მანძილზე ახალ ბაზრებზე შესვლით უნდა დავკავდეთ და ასევე ორგანული, ბიო მეურნეობა უნდა დავიწყოთ, ვინც მეცხვარეობის სფეროში ვართ დასაქმებულები, რადგან საქონელი, რასაც ვაწარმოებთ პრემიუმ ხარისხის უნდა იყოს, რომ უფრო ძვირად შევძლოთ გაყიდვა, რადგან ჩვენ დიდი ტერიტორიები არ გვაქვს.