Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სტუდენტურ ვიზას ყველაზე ხშირად აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეები ვერ იღებენ

5a8a64966733e
მეგი კავთუაშვილი
19.02.18 10:00
649
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ცნობით, სტუდენტურ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა საერთაშორისო სტუდენტს ეხება. განსაკუთრებულ სირთულეებს სტუდენტები აფრიკისა და აზიის იმ ქვეყნებიდან აწყდებიან, სადაც საკონსულოები არ არის.

„სტუდენტებს უწევთ ჯერ ისეთ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ჩვენ საკონსულო გვაქვს და იქედან ვიზაზე მიმართვა. სამწუხაროდ, 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის საქართველოს უნივერსიტეტში ჩარიცხულმა ნიგერიელმა სტუდენტებმა ვერ მოახერხეს საქართველოს ვიზის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის იანვრამდე მოქმედებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინსტრუქციით. წინა სემესტრებში ზოგიერთი ნიგერიელი სტუდენტი ახერხებდა საქართველოს ვიზის მიღებას მას მერე, რაც მიიღებდნენ აშშ-ის ვიზას. თუმცა 2019 წლის იანვარში საქართველოს ვიზის მიღებაზე მინისტრის ბრძანებით უარი ეთქვა „საქართველოს უნივერსიტეტში“ ჩარიცხულ ისეთ ნიგერიელ სტუდენტსაც, რომელსაც უკვე გააჩნდა აშშ-ის ვიზა. 2017-2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრზე უარი ეთქვა საქართველოს უნივერსიტეტის ყველა ბანგლადეშელ სტუდენტს ვიზის მიღებაზე. პრობლემებთანაა დაკავშირებული ვიზის მიღება ინდოელი სტუდენტებისთვისაც.“- განუცხადა BM.GE-ს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ.

2014 წლიდან დღემდე საქართველოში სტუდენტის სტატუსი 8 ათასზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუწყდა. მათ შორის, დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტებსაც, რომელეთან უმაღლესი განათლების დიპლომს ერთი სემესტრიღა აშორებდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სტატუსი შეჩერების ძირითადი მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, თუმცა კერძო უმაღლე სასწავლებლებში სხვა მიზეზებზეც საუბრობენ. ჩამოთვლილთაგან, ერთ-ერთი სწორედ სასწავლო ვიზის გაცემის გართულებული პროცედურაა.

„საერთაშორისო სტუდენტის ჩარიცხვა ხდება განსხვავებული წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მას მერე, რაც სტუდენტის დოკუმენტები გაივლის სპეციალურ შემოწმებას ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროში. თუმცა, მრავალ ამგვარად ჩარიცხულ სტუდენტს, რეალურად არ ეძლევა სწავლის დაწყების შესაძლებლობა, რადგან ვერ ახერხებს სასწავლო ვიზის მიღებას, ხოლო უნივერსიტეტი იძულებული ხდება გამოუცხადებელ სტუდენტს სასწავლო სემესტრის დაწყებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ შეუჩეროს/შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი. მაგალითდ, 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის მინისტრის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში ჩარიცხულ იქნა 500-ზე მეტი სტუდენტი, თუმცა რეალურად ჩამოსვლა მოახერხა მხოლოდ 300-მდე სტუდენტმა, შესაბამისად უნივერსიტეტს მოუწია 200-ზე მეტი სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, რაც დაახლოებით 40%-ია“ - აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია.