Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები" უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდიან

5a8becc51c21a
თელარა გელანტია
20.02.18 13:35
807
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებს" "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონ-პროექტის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვთ და ახალი წინადადებებით გამოდიან.

როგორც BM.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, არსებული საპენსიო სისტემა რეფორმირებას უდავოდ საჭიროებს, რადგან ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც გულისხმობს პენსიის ხელფასთან შედარებას, ძალიან დაბალია.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას თაობათა შორის სოლიდარობის სისტემა, რაც სოლიდარობის ფონდის შექმნას გულისხმობს.

"ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელით, სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან უნდა განხორციელდეს თაობათა შორისი საპენსიო შენატანები; ინდივიდუალურ შენატანებს კი განახორციელებენ თავად დასაქმებულები. ეს საჭიროა, იმ საპენსიო სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელიც შემოტანილი აქვს მთავრობას, რადგან ქვეყანაში მაღალია უმუშევრობა, არაფორმალური სექტორის წილი, ასევე იმ ადამიანების წილი, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს. ამდენად, სოლიდარობის ფონდიდან გადანაწილდებოდა თანხები - მაგალითად, ახალი სისტემის საფუძველზე ფონდიდან თანხები გადაუნაწილდებოდა მათ, ვისაც დაბალი აქვს ხელფასი", - განმარტა ნაცვლიშვილმა.

"ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილის აზრით, ასევე, უნდა ამოქმედდეს უმუშევრობის შემწეობა.

"ზოგადად, უმუშევრობის შემწეობა რომ უნდა არსებობდეს, ეს ეფუძნება იმ დაშვებას, რომ თუ მოტივაცია არ ექნებათ ადამიანებს, ფორმალიზება მოახდინონ თავიანთი დასაქმების, ისევ არაფორმალურ სექტორში დარჩებიან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ყველა მოტივაცია უნდა შევქმნათ, რომ ამ სისტემამ კარგად იმუშაოს ანუ ადამიანებმა თავიანთი შრომითი ურთიერთობების ფორმალიზება მოახდინონ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ "დროებით უმუშევრები შემწეობის თანხას სოლიდარობის ფონდიდან მიიღებენ".

გარდა ამისა, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საპენსიო დანაზოგების სახით აკუმულირებული თანხების განკარგვა ისე უნდა მოხდეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს დასაქმებას.

„ეს ფული უნდა წავიდეს რეალურ სექტორებში, განსაკუთრებით ეს ფული უნდა ინვესტირდეს გადამამუშავებელ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში და არა ვთქვათ, ბანკების დეპოზიტებზე და ა.შ. რადგან საბოლოო ჯამში, ვხედავთ, როგორია ტენდენცია - ბანკები ეკონომიკის რეალური სექტორების განვითარებას მთლად ხელს არ უწყობენ“, - აღნიშნა მან.

"ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, თუ კანონ-პროექტის ავტორები გაიზიარებენ, მათ წინადადებას, ეს იქნება ძალიან კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი ფრაქცია "სოციალ-დემოკრატები" გეგმავს, წარმოადგინოს ალტერნატიული შეთავაზება, რომელიც განხილვის საფუძველი უნდა გახდეს.