Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი სიგუა: "ოცნების" მთავრობაში ზოგიერთები დღე და ღამე კორუფციაში არიან ჩაფლულები

5a9195de75433
თელარა გელანტია
24.02.18 20:37
1099
GEM FEST-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ გუშინ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი დადო, სადაც GEM FEST-2018-თან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას უპასუხა და თან საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა. “ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა”, - წერდა სიგუა. რას ნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის და GEM FEST-ის დამფუძნებლის მხრიდან „ოცნების“ მთავრობის ასეთი შეფასება? დაასრულა თუ არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა GEM FEST-2017-თან დაკავშირებული გამოძიება და გახდა თუ არა სიგუა „ოცნების“ ოპოზიცია? - ამ და სხვა თემებზე BM.ge გიორგი სიგუას ესაუბრა, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება.

- სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრი შუა გზაში გაუჩინარდა - ვის და რას გულისხმობთ?

- გაუჩინარდა და ხელები დაიბანა იმ ხალხმა, ვისაც სიახლის ეშინია; ვისაც დიდი გამოწვევების ეშინია; ვისთვისაც სულ ერთია რა მოხდება ანაკლიაში, რომლებმაც არ იციან, რას ნიშნავს ტურიზმის განვითარება სამეგრელოს ბოლო სოფელში და იქ მსოფლიოს წამყვანი არტისტების, მასმედიის და ათიათასობით ტურისტის ჩაყვანა. 2013 წელს პირველად რომ ჩავედი ანაკლიაში, გული დამწყდა ისეთი მოუვლელი და გაპარტახების გზაზე დამდგარი იყო ყველაფერი. ბულვარში წაქცეულ პალმებს ღორები ღრღნიდნენ. ტურისტის ჭაჭანება არ იყო. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო სამეგრელოს ეს ულამაზესი კურორტი რომ განვითარებულიყო. მაშინ ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი. არაერთი წინადადებით გამოვედი, ყველაფერი იგნორდებოდა. მე მიმანიშნეს და მივხვდი კიდეც რაში იყო საქმე - ახალ ხელისუფლებას არ უნდოდა წინა მთვრობის მიერ გაკეთებული კურორტების წარმოჩენა; ამბობდნენ, სააკაშვილთან ასოცირდებაო ანაკლია, რაბათი, სიღნაღი. არა და რაბათში სასწაული სიცოხლის შეტანა და ამოძრავება შეიძლება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააკეთა - მიშამ თუ გრიშამ; ააშენა , ხომ არ დაანგრია?! კაზანტიპი რომ მოვიწვიე, ჯვარს მაცვეს, ამას ჩვენი დაღუპვა უნდაო, სამსახურიდან გამაგდეს, მიზეზად ის მომდეს - ფრაზა “სექსი პლაჟზე” როგორ ახსენაო თანამდებობის პირმა. ბიდიშებიც იხადა პარლამენტში ჩემს გამო ჩემმა უფროსმა, თვითონ დღეს იმავე პარლამენტში ხულიგანი ძველი ბიჭი ბირჟავიკივით იქცევა. კაზანტიპს რომ ბევრი ტურისტი, კარგი საერთაშორისო გაშუქება და კმაყოფილი მოსახლეობა მოჰყვა, უი კაი ყოფილაო და არიქა, სიგუა 'ჯემ ფესტს' აკეთებს ანაკლიაში და მხარს ვუჭერთო. აი, ის ხალხი გაუჩინარდა პირველივე წაფორხილებაზე, რომელიც 'ჯემფესტს' და სიგუას მშვენივრად იყენებდა წინასაარჩევნოდ და კამერების წინ საპოზიოროდ.

- თქვენ ასევე დაწერეთ სოციალურ ქსელში, რომ მთავრობის “დახმარება” ძალიან ძვირი ჯდება და მათი მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა - რა იგულისხმეთ? 4 მლნ ლარი აღმოჩნდა ზედმეტად „ძვირი“?

- მთავრობის ფული იმიტომაა „ძვირი ფული“, რომ მას აუცილებლად მოჰყვება პრეტენზიები კოლეგებისგან - იმ ადამიანებისგან, რომლებიც იგივე საქმით არიან დაკავებული, რითაც - ჩვენ; ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო, სად ვაკეთებთ GEM FEST-ს - სად და საქართველოს ხელისულების მიერ კონტროლირებად ბოლო სოფელში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ განმუხურში, ეს არაა არც თბილისი და არც ბათუმი. ჩვენ ეს დავიწყეთ მთლიანად კერძო ინვესტიციით და შემდეგ უკვე მთავრობა ჩაერთო ამ საქმეში შარშან, დაახლოებით 20%-იანი სუბსიდირება განახორციელეს 4 მლნ ლარით, რათა წაეხალისებინათ პროექტი და ახლა როგორც აღმოჩნდა, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ თვითონ ეყელყელავათ კამერებთან და ეთქვათ, რომ აი, მთავრობა რა კარგ რაღაცას აკეთებსო.

- რისი თქმა გინდათ, GEM FEST-ს როგორც კი პრობლემები შეექმნა, მთავრობა განუდგა პროექტს?

- იცით, როგორ გამოვიდა?! სანამ შენ ყველაფერი იდეალურად გაქვს, მსოფლიო პრესა გაშუქებს, ყველა ტაშს გიკრავს, მეც შენთან ვარ და ვიზიარებ წარმატებას, ხოლო როგორც კი რამე წინაღობა შეგექმნება, ეს შენი კერძო პროექტია და ყველა დარტყმაც შენს თავზე მიიღე. არაა პრობლემა, მივიღე კიდეც , ჯოჯოხეთიც გავიარე, მაგრამ ერთთვიანი პროექტი უამრავი პრობლემის მიუხედავად ბოლომდე მივიყვანეთ, იმიტომ რომ ნებისმიერი მთავრობის მხარდაჭერაზე მაგარი რამეა, როდესაც უმაგრესი გუნდი გყავს და მაგარი ხალხი გიდგას გვერდზე. წელს ჩავატარებთ ოთხდღიან ფესტივალს აგვისტოში და ვნახავ, როგორ მოსუნსულდებიან შავი 'პრადოებით' და ათასნაირი თხოვნებით, იქ ჩემს ახლობელს საშაურმე ჩაადგმევინე, იქ ბილეთები მაჩუქე და იქ კიდევ რა და კიდევ რა. იმ ბილეთებზე ფინანსურ პოლიციაში ჯვარს გვაცვეს და საჩუქრად გაცემული მოსაწვევებიც გაგვიბერეს. არა და არ თავდებოდა ამ მათხოვრების “სიები” - ამ სამინისტროს, იმ სამინისტროს, ამ სტრუქტურის და იმ სტრუქტურის. 6000 ბილეთი წაიღეს უფასოდ სახელმწიფო სტრუქტურებმა. რატომღაც ყველა ჩინოვნიკი თვლიდა, რომ რადგან სახელმწიფო თანადაფინანსება ჰქონდა პროექტს, შეეძლოთ ამდენი ეთხოვათ. არ მინდა არც მაგათი თანადაფინანსება, არც მხარდაჭერა და სიმართლე გითხრათ, დანახვაც არ მინდა. მივხედავ საქმეს ჩემს გუნდთან, სტაფთან, მიხალისეებთან და ანაკლიელებთან ერთად.

- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება GEM FEST-2017-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დასრულდა? რა შედეგით?

- დასრულდა. საგამოძიებო სამსახურმა ქექა, ქექა და დადო 82-გვერდიანი დასკვნა, რომ თურმე გიორგი სიგუას ფული საერთოდ არ ჰქონია მიღებული სახელმწიფოსგან და შესაბამისად, არაფერი მოუპარავს; ან რა უნდა მოეპარა სიგუას?! 17-მილიონიანი პროექტი დააფინანსეს 4 მლნ ლარით ანუ 20%-ით, სიგუას დაედო 3 მლნ ლარზე მეტი ვალი, მაგრამ მეგობრებთან ერთად ბოლომდე ჩემს თავზე ავიღე ყველა პასუხისმგებლობა და ყველა ვალს ეტაპობრივად დავფარავ. მოვიპარე კი არა, აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა, ბოლო ნივთამდე - პირადი ნივთებიდან დაწყებული მეგობრების ნივთებით დამავრებული. მოპარვით იპარავენენ მთავრობაში ზოგ-ზოგიერთები - დღე და ღამე კორუფციაში არიან ჩაფლულები...

- ვის გულისხმობთ? კორუფციაში ადამიანების დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა...

- კორუფციაში ჩაფლულია ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, ჭკვიანი გამომეტყველებით და გაბღენძილი სახით, ჭკუას რომ გვარიგებს ტელეეკრანიდან; ფინანსური პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები მათი საქმიანობით უნდა ინტერესდებოდნენ და არა GEM FEST-ის ბილეთების გაყიდვით.

- ფინანსთა სამინისტროს გამოძიებაზე კითხვას რომ დავუბრუნდეთ ანუ რა დაასკვნა გამოძიებამ საბოლოოდ?

- დაასკვნა ის, რომ არაფერი მომიპარავს. ფესტივალი დასრულდა თუ არა მეორე დღესვე შემოიჭრნენ გიჟებივით, გაჩხრიკეს ჩემი სახლი, დალუქეს ოფისი, რა აღარ გააკეთეს... ეს არ იყო იმ ადამიანების საქციელი, რომლებსაც უნდათ, რომ რაღაც გამოვიდეს და გვერდში დაგიდგნენ - ესაა პატარა კაცუნების საქციელი, რომლებმაც ასეთი ქცევით გადაწყვიტეს, საზოგადოებაში არსებული გარკვეული მძაფრი რეაქცია მხოლოდ სიგუაზე გადმოეტანათ. დაიწყო გამოძიება და რა მიიღეს? არაფერი. აწიეს ამხელა ალიაქოთი და თვითონ დარჩნენ პირდაღებულები. 82-გვერდიან დასკვნაში არაფერი წერია ჩემს ბრალეულობაზე; აწი თუ რამეს მოიგონებენ და ჩაწერენ, არ ვიცი.

- ვის გულისხმობთ „პატარა კაცუნებში“?

- პატარა კაცუნები არიან ისინი, ვინც ყველაფრის ჩემზე გადაბრალების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უფრო ჭკვიანური ფორმა ვერ მოიფიქრეს. და გიჟებივით შემოცვივდნენ ჩვენს ოფისში. უკრაინაში ნიღბიანებმა სააკშვილი რომ რესტორანში ლაჩრულად დაიჭირეს ის გამახსენდა - ზუსტად ამას ჰგავდა ჩვენი მთავრობის საქციელიც. როგორ ლაჩრულად მოიქცა უკრაინის ხელისუფლება, ისე ლაჩრულად მოიქცა საქართველოს ხელისუფლებაც. როგორც კი პატარა პრობლემები შეგვექმნა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებიც დაივიწყეს და გვერდზე გადგნენ - შუა გზაში მიგვატოვეს, არადა, 2016 წელს ზოგ-ზოგიერთი ანაკლიაში „სატუსოვკოდ“ ჩამოდიოდა.

- ვინ მიგატოვათ შუა გზაში - კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელეთ...

- არ მინდა, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება, ჯერჯერობით; მაგრამ ყველა მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ.

- და მაინც, ყველაზე მეტად ვინ გაგიცრუათ იმედი „ოცნების“ მთავრობაში?

- ახლა არ მსურს კონრკეტული ადამიანები ვახსენო. შემდეგი ინტერვიუსთვის დავიტოვოთ გვარების და მამისახელების ხსენება. დამიჯერეთ, არავის სახელის ხსენებას არ მოვერიდები საკმაოდ საინტერესო ამბებით.

- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, „შუა გზაში მიმტოვებლების“ კატეგორიაში გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია ხვდებიან, რადგან ეკონომიკური ბლოკიდან მათთან გქონდათ შეხება...

- ძალიან ცდილობთ, კონკრეტული სახელები და გვარები მათქმევინოთ, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ პირადი წყენა მალაპარაკებს. არაა ასე. მალაპარაკებს საქმის კეთების სურვილი და ვინ არის საქმის მკეთებელი და ვინ - სხვა რამის, გამოჩნდა. ყველაფერი დავინახე.

- „ოცნების“ ოპოზიციაში ხომ არ გადახვედით?

- ახლა პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ. მე ვაკეთებ საქმეს. ვინც ამ საქმეში დამეხმარება - მივესალმები, ხოლო ვინც ხელს შემიშლის ამ საქმის კეთებაში, იმის ოპოზიაც ვიქნები და მტერიც.

- ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობასთან კონტაქტი გქონიათ?

- კონტაქტი მქონია, მაგრამ მხოლოდ პირად დონეზე. საქმიანი ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან არ მაქვს და არც სურვილი გამაჩნია.

- მაგრამ ალბათ მოგიწევთ, რადგან 2018 წელსაც აპირებთ GEM FEST-ის ჩატარებას... რას იზამთ, თუ მიწის იჯარაზე უარს გეტყვით მთავრობა?

- ვნახოთ, ვინ ვის არ ჩაატარებინებს; დადიანებს სამეგრელოს მიწების კვირიკაშვილისთვის და სხვა ჩინოვნიკებისთვის არ დაუტოვებია. იმედია, ძალაობას არ დაიწყებენ და თუ დაიწყებენ და უარს მეტყვიან, იქ სხვა ადგილებიც არის, მათ შორის კერძო პირების მიწები, სადაც ფესტივალის გამართვა შეიძლება. მედიაში წავიკითხე, რომ თურმე მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, ფესტივალთან დაკავშირებით სიგუას ჩვენთვის არ მოუმართავსო, ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად რატომ ყიდისო... რატომ უნდა მიმემართა? ან რა უნდა შევუთანხმო ჩინოვნიკებს? ერთადერთი რასაც ვაპირებ, მიწის იჯარის თაობაზე მივმართავ და ვნახოთ, რას პასუხს გამცემენ.

- როგორც ცნობილია, წელს GEM FEST ოთხდღიანი იქნება და 9-12 აგვისტოს ჩატარდება. ბილეთები გეყიდებათ?

- სხვათაშორის - კი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რეკლამები არც დაგვიწყია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ GEM FEST 2018 იქნება ყველაზე საინტერესო ფესტივალი GEM FEST-ის ისტორიაში. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, 'ჯემ ფესტს' აქვს იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ნებისმიერი მთავრობის მხარდაჭერა. ესაა სუპერ გუნდი , დიდი 'ჯემ ოჯახი', რომელიც 1000 მოხალისეს აერთიანებს, უზარმაზარი საერთაშორისო ცნობადობა და ანაკლიელების მხარდაჭერა. 'ჯემ ფესტის' მეოთხე სეზონი ყველაზე წარმატებული და საინტერესო იქნება. მთავრობამ მიხედოს 'ბლექსი არენაში' ორსაათიან კონცერტებს რომ ატარებს და თითო მათგანზე 5-5 მილიონი ლარს ხარჯავს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, დახმარება კი არა, ხელს ნუ შეგვიშლიან და თუ შეგვიშლიან, არც ეგაა პრობლემა.

- სპონსორები გყავთ?
- გვყავს და მალე ყველაფერს გამოვაცხადებთ. ჩვენს გულშემატკივრებს ბევრ სიურპრიზს ვუმზადებთ.

- გერმანიაში რატომ ხართ?

- ჩვენი ოფიციალური მედია პრტნიორია რადიო NRJ. ბერლინში მათ ვხვდები და მარკეტინგულ ღონისძიებების გეგმას ვალაგებთ; აქედან ჰოლანდიაში წავალ, სააგენტოებს, პრომოუტერებს შევხვდები. მალე ლაინაფის გამოცხადებას დავიწყებთ.

- გაპიარება ახსენეთ - საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გეხმარებათ ამ მხრივ? ან ხომ არ შემოუთავაზებიათ მხარდაჭერა?

- არავის არაფერი შემოუთავაზებია და არც ვაპირებ იქით მივმართო. რა დახმარებაზეა საუბარი მათი საქციელის შემდეგ?! ამ მთავრობისგან არაფერი მინდა - მთავარია ხელი არ შემიშალონ.