Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმის ველოპარკი განახლდება

5a6d756f33dc7
მაია ბიწაძე
28.01.18 18:20
1020
ფრანგული კომპანია SMOOVE ბათუმის ველოსიპედების პარკს განაახლებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ქიშმარიამ Bm.ge-ს განუცხადა, იგეგმება ქალაქის საკუთრებაში არსებული ველოსიპედების, ასევე გადახდის სისტემებისა და ველოსადგურების განახლება.

„კომპანია SMOOVE საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს, მან განახორციელა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ,,ბათუმის ველო“. კომპანიამ ბათუმში 370 ველოსიპედი შემოიყვანა და 23 ტერმინალი მოაწყო, რომელიც უკვე განახლებას მოითხოვს, რადგან ეს სისტემა 2011 წელს არის შექმნილი. განახლების გარდა, ველოსიპედების რაოდენობის გაზრდასაც ვგეგმავთ, რადგან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა, როგორც ტურისტების, ასევე მოსახლეობის მხრიდან, ველოპარკი მინიმუმ ათას ველოსიპედამდე გაიზრდება, რათა დაკმაყოფილდეს როგორც მოსახლეობის, ასევე ტურისტების ინტერესები ბათუმში“, - განაცხადა გიორგი ქიშმარიამ.

მისივე განმარტებით, კომპანია SMOOVE მზად არის, ველოპარკი თბილისშიც მოაწყოს, პირველ ეტაპზე კომპანია მზად არის თბილისში 1000 ველოსიპედი შემოიყვანოს, ასამდე ველოსადგემი მოაწყოს და დანერგოს გადახდის სისტემები, რაც დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტია.

“თბილისში პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს წარვადგინეთ, კომპანია SMOOVE- ის წარმოდგენილები თავად იყვნენ ჩამოსული, შეხვედრები გვქონდა თბილისის მერიასთან და სხვადასხვა უფლებამოსილ პირებთან. ჩვენი ძირითადი შეთავაზება იყო გადახდის სისტემების დანერგვა, ველოსადგომების მშენებლობა და ველოსიპედების შემოყვანა თბილისში. ძირითადი მარშუტები შეირჩა და ეს გახლავთ ცენტრალური უბნები: ყაზბეგის, მელიქიშვილი, ჭავჭავაძის, რუსთაველის გამზირები, თავისუფლების მოედანი, ანუ ის ლოკაციები, სადაც ძირითადი ტურისტული ნაკადებია თავმოყრილი.
რაც შეეხება ველოტრასებს, ჩვენ მას არ ვაკეთებთ, ეს არის ქალაქის ხელმძღვანელობის პრეროგატივა, მან უნდა მოაწესრიგოს ეს ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 15 მილიონი დოლარია, რაც შესაძლებელია ჩვენმა კომპანიამ გაიღოს, ან ქალაქმა, ისე როგორც მოხდა ბათუმის შემთხვევაში: თვითონ ბათუმმა შეიძინა ველოსიპედები, გადახდის სისტემები და შესაბამისად მისი ოპერირებიდან მოგებასაც ქალაქი იღებს, თუმცა, აქვე დავძენ, რომ კომპანია SMOOVE მზად არის, თვითონ განახორციელოს ეს ინვესტიცია, იმ შემთხვევაში, თუ ველოტრასები იქნება მოწყობილი თბილისის მასშტაბით“, - განაცახადა გიორგი ქიშმარიამ.

მისივე განამარტებით, კომპანია აპირებს ამ თემაზე მოლაპარაკებების განახლებას, მას შემდეგ რაც თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდება.