Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეღავათების ამოქმედების შემდეგ 3.5 მილიარდი, რაც სახელმწიფო შესყიდვებში იხარჯება, საქართველოში დარჩება

59be5f2f30b17
BM.GE
17.09.17 17:00
1301
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება - ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ საკითხს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" კომპანია "საქკაბელის" მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ ისაუბრა. 

-ქართული ბიზნესი აღნიშნულ საკითხს დიდი ხანია ლობირებს, კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგებით?

-ჩვენ მართლაც დიდი ხანია ამ საკითხს ვაყენებთ და იმედი გვაქვს, რომ იგი მოკლე ხანში გადაწყდება. კმაყოფილება კი ალბათ მას შემდეგ იქნება, რაც გარკვეული დრო გავა და უკვე შედეგებიც გვექნება.

-რა შედეგებს ელოდება შეღავათების ამოქმედების შემდეგ ქართული ბიზნესი?

-უპირველესად ველოდებით იმას, რომ ის 3.5 მილიარდი, რასაც სახელმწიფო ხარჯავს ადგილობრივ შესყიდვებში ეს თანხა ისევ საქართველოში დარჩება და ამით ქვეყნის ბიუჯეტი და თვითონ სახელმწიფო გაძლიერდება და ერთ სულ მოსახლეზე შესაქმნელი დოვლათი კიდევ მეტად გაიზარდება.

- "საქკაბელის" მაგალითზე რომ ავიღოთ, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქტთან რა ნაწილში უჭირდა?

-უჭირდა-არ უჭირდა სულ სხვა თემაა, თუმცა გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იმპორტირებული თუნდაც ერთი და იგივე პირობებში იმით გვჯობნიდა, რომ 2-3%-ით წარმოების სიდიდიდან გამომდინარე უკეთესი ფასის დადება შეეძლო. გარდა ამისა, ჩვენთან ძალიან მარტივია, ყველაფერი გამჭვირვალეა და რა თქმა უნდა, ეს სიმარტივე და გამჭვირვალობა უნდა შენარჩუნდეს. მათთვის იოლი იყო საქართველოს ბაზარზე შემოღწევა, რაც ანალოგიურად სხვა ბაზრებზე ჩვენი შეღწევა გაცილებით რთულია. ამ კანონით და გადაწყვეტილებით იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მის წარმოებას მცირეოდენ უპირატესობას მიანიჭებს, ანუ ეს მოტივაცია ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფოს მიერ დახარჯვადი თანხები მაქსიმალურად საქართველოში დარჩეს.