Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

5a2fb3c7b39a6
BM.GE
12.12.17 14:44
1067
TV პირველზე, გადაცემა "საქმიან დილაში" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტებას აკეთებს. 

"2017 წლის 21 ნოემბერს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წერილით მომართა არასამთავრობო ორგანიზაცია "HUB Georgia"-ს დირექტორმა ვასო ურუშაძემ, წარმოადგინა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მის მიერ ჩატარებული ანალიტიკური კვლევა და მოითხოვა საკითხის შესწავლა.

მეორე დღესვე, 22 ნოემბერს, წერილის ავტორს გაეგზავნა საპასუხო კორესპონდენცია, სადაც გაკეთდა მითითება თუ რომელი საკითხები ითხოვდა დაზუსტებას, სრულყოფას, რათა სააგენტოს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეესწავლა კანონდარღვევის ფაქტები და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება დროულად უზრუნველეყო.

აღსანიშნავია, რომ დღემდე სააგენტოში "HUB Georgia"-ს მიერ სათანადო ფორმის დაცვით შევსებული განცხადება ან საჩივარი არ შემოსულა. შესაბამისი ფორმის დაცვა კი წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნას და არა სააგენტოს მიერ ხელოვნურად დადგენილ ბიუროკრატიულ ბარიერს.

ინფორმაციის დაზუსტებისათვის განმარტავთ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ იყო შევსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით. „HUB Georgia”-ს დირექტორს ეთხოვა განცხადების ან საჩივრის წარმოდგენა ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმით, შესაბამისი კანონდარღვევის სახისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის/აგენტების მითითებით. სააგენტოს წერილში მხოლოდ მოცემული იყო განმარტება განცხადებისა და საჩივრის ფორმებს შორის განსხვავების თაობაზე და ადრესატს მიეთითა, რომ საჩივრის ფორმის წარმოდგენის შემთხვევაში, დასაბუთებული უნდა იყოს ზიანის საკითხი, რაც სავალდებულო არ არის განცხადების შემთხვევაში. ასევე დამატებით, წერილის ავტორს განემარტა, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს რეგულირების სფეროს სცილდება წერილში მითითებული გარკვეული საკითხები, რომელიც შეეხება კონკრეტული პირების სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს, თანამდებობრივ გულგრილობასა და კორუფციულ გარიგებებს.

სააგენტოს საპასუხო წერილის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს ასევე ვასო ურუშაძის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, თითქოს სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე არ იწყებს შემდგომ პროცედურებს. სააგენტოს პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონია ადგილი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე საქმის წარმოების დაწყებას.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ დადგენილი წესით მომართვის შემთხვევაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს",- წერია განცხადებაში.