Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სესხის ამომღები კომპანიები პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებისთვის დააჯარიმეს

5a8aa1cc3ead0
სალომე მეცხვარიშვილი
19.02.18 16:00
1233
სესხის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნების გამო 13 ფინანსური ორგანიზაცია დაჯარიმდა. სანქციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ ამომღებ კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა დააკისრა. ინსპექტორი თამარ ქალდანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ძირითად შემთხვევებში კომპანიები სესხის ამოღების მიზნით მსესხებლის ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან არაუფლებამოსილ პირებს - მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ამისთვის სოციალური ქსელებიც გამოიყენება.

"მოქალაქეთა მომართვებისა და განცხადებების საფუძველზე, ასევე, ჩვენი ინიციატივით, საფინანსო სექტორში მონაცემთა დამუშავების 95 ფაქტი შევისწავლეთ. აქედან 24 შემთხვევა ეხებოდა უშუალოდ სესხის ამომღები კომპანიების მუშაობას, 39 ეხებოდა მიკროსაფინანსო და ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობას.
მოქალაქეთა განცხადებების უდიდესი ნაწილი ეხებოდა მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ვადაგადაცილებული სესხების თაობაზე არაუფლებამოსილი პირებისთვის მონაცემების გამჟღავნებას. აქ იგულისხმებოდნენ: მეზობლები, სოციალურ ქსელში მეგობრები, დამსაქმებლები და ა.შ. პირები, რომლებიც არ იყვნენ მითითებული არც გარანტორებად არც საკონტაქტო პირებად. ამ თვალსაზრისით შეინიშნება აშკარა პრობლემა",- აცხადებს თამარ ქალდანი.

მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციებს ასევე დაევალათ ინფორმაციის მიწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატისთვის: საიდან მოხდა მსესხებლის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დაკავშირება არადაინტერესებულ პირებთან.

"მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, ვადაგადაცილების დროს რა შეიძლება გააკეთოს კომპანიამ და სად გადის წითელი ზღვარი, რომელიც კომპანიამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთოს",- აცხადებს თამარ ქალდანი.

ამასთან, აპარატის ცნობით, 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები, მიკროსაფინანსოები, ამომღები კომპანიები) მიერ პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების ან/და ამავე საკითხის შესახებ მესამე პირებთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 4 ხანდაზმული იყო და დანარჩენ 13 შემთხვევაზე კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა.

ქალდანის უწყებაში განმარტავენ, რომ პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნებისთვის კომპანიებს 500-დან 1000-ლარამდე ჯარიმა ეკისრებათ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა, შესაძლოა, 3 ათას ლარამდე გაიზარდოს.