Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბანკებს უკვე კანონის ძალით აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა"

5a6b16b7c327b
BM.GE
26.01.18 15:52
1127
ბანკებს უკვე კანონის ძალით აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა მათზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება და ჯგუფების ინფორმაციზე წვდომის უფლებამოსილებაც მიიღო.

„ბანკების არაპროფილურ საქმიანობას რაც შეეხება, ჩვენ დაბალანსებული მიდგომის მომხრე ვართ და შესაბამისად ეს ასახულია კანონმდებლობაში. ჩვენ ამას მეორე ეტაპის რეფორმას ვუწოდებთ, პირველი იყო, როდესაც წერილობითი მითითებით ბანკებმა გამოყვეს აქტივები და ზოგმა ჰოლდინგის დონეზე აიტანა.

მეორე ეტაპზე უკვე ძალაში შევიდა ცვლილება და ბანკებს უკვე კანონის ძალით, იურიდიულად აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა. მათთან აფილირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, ანუ ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კომპანიებს ჩვენ საბანკო ჯგუფები დავარქვით. სწორედ საბანკო ჯგუფის განმარტება მოიცავს ბანკებს და მათთან დაკავშირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მათზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება და ჯგუფების ინფორმაციზე წვდომის უფლებამოსილებაც მივიღეთ. ხშირად საუბრობენ და ზოგჯერ ისე არის გაგებული, რომ ეს იურიდიულად ფლობის აკრძალვას ეხება, თუმცა ამაზე არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ეს მესამე ეტაპის რეფორმაა და მარტივი არ არის. ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ეს ცალმხრივად ეროვნული ბანკის საკითხი არ არის, რადგან ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც არის რეალურ სექტორში ინვესტიცია, კონკურენცია და ა.შ. ამასთან დაკავშირებით პარლამენტთან და მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. გარკვეული სავარაუდო მოდელი იდეის დონეზე შემუშავებულია და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კონტურებს მიიღებს”,- განაცხადა კიკორიამ.