Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინფლაციის ზრდის მიზეზები

59f9b32c2d6ef
BM.GE
01.11.17 15:40
1167
2017 წლის დასაწყისიდან, ინფლაციამ მოიმატა და წლის განმავლობაში 4 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდებოდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციას ივლისამდე ზრდის ტენდენცია ჰქონდა და მაქსიმალურ 7.1 პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა, მას შემდეგ ინფლაციამ დაიკლო და სექტემბერში 6.2 პროცენტამდე შემცირდა.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა მეტწილად თამბაქოს ნაწარმზე და საწვავზე ფასების ზრდას უკავშირდება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდითა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებით არის გამოწვეული. საბაზო ინფლაცია, რომელიც აჩვენებს ინფლაციას სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე, წლის განმავლობაში საერთო ინფლაციაზე ნაკლები იყო და სექტემბერში 4.5 პროცენტს შეადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია მოიცავს თამბაქოს ნაწარმსაც და შედეგად მასში თამბაქოს აქციზის ზრდის გავლენა დაახლოებით 2.0 პროცენტული პუნქტია. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ინფლაციის გრძელვადიანი დინამიკის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა.

„ ინფლაციის ზრდა ძირითადად უკავშირდება საწვავსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების მატებას. სექტემბრის 6.2 პროცენტიანი ინფლაციიდან 2.5 პპ საწვავსა და თამბაქოზე მოდიოდა, სურსათზე - 1.8 პპ, ხოლო დანარჩენ პროდუქტებზე - 1.9 პპ

2017 წლის განმავლობაში მაღალი ინფლაციაა სურსათის ჯგუფში. საერთო ინფლაციაში მისი წვლილი 0.9 პპ-დან 2.7 პპ-მდე მერყეობს. ამის მიზეზი რამდენიმეა. 2016 წელს ხილისა და ბოსტნეულის ფასები წლიურად მნიშვნელოვნად შემცირებული იყო, 2017 წელს კი საბაზო ეფექტის, გამო ხილსა და ბოსტნეულზე ფასებმა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა. საგრძნობლად არის გაძვირებული ხორცი და ხორცის პროდუქტები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირუტყვის ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე ხორცის პროდუქტების მიწოდების გარკვეულ შემცირებას. მსოფლიო ბაზარზე შაქარზე მაღალი ფასის გამო, დაახლოებით ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად ძვირდებოდა შაქრის შემცველი პროდუქტები, ხოლო ამ ჯგუფის წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო და 0.3 პპ-დან 0.6 პპ-მდე მერყეობდა.

მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის შემცირებასთან ერთად, წლის დასაწყისიდან ამ პროდუქტებზე ინფლაცია თანდათან მცირდებოდა და სექტემბერში 0.1 პპ-მდე ჩამოვიდა. სურსათის ინფლაციის წვლილმა საერთო ინფლაციაში წლის დასაწყისიდან პიკს ივნისის თვეში მიაღწია და 2.7 პპ შეადგინა, თუმცა შემდეგ იკლო და სექტემბერში 1.8 პპ-მდე შემცირდა. მთლიან ინფლაციაში მნიშვნელოვანი წონა აქვს ასევე ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფს, სადაც წლიური ინფლაცია საკმაოდ მაღალია. სექტემბერში ამ ჯგუფის ფასების მატება 7.7 პროცენტს, ხოლო მთლიან ინფლაციაში მისი წვლილი 0.6 პპ-ს გაუტოლდა“, - განმარტავენ სებ-ში.