Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯორჯ სოროსი: Google და Facebook დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან

5a6d71693a8bf
BM.GE
28.01.18 11:00
959
ცნობილმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა IT გიგანტები გააკრიტიკა, მისი განცხადებით, Google-ისა და Facebook-ის მსგავსი ტექნოლოგიური კომპანიები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ინვესტორმა აღნიშნა, რომ მსხვილი სოციალური მედია პლატფორმები ინოვაციების განვითარებას უშლიან ხელს, აბრკოლებენ და მათი გავლენა ადამიანებზე შემაშფოთებელია, რადგან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ახდენენ. სოროსი ინტერნეტ პლატფორმებისა და აზარტული თამაშების მსგავსებაზე საუბრობს და დასძენს, რომ ეს ახალგაზრდობისთვის მავნებელია.

"ხალხის ყურადღება რამდენიმე კომპანიაზეა ორიენტირებული",- აცხადებს ფინანსისტი და მაგალითად Google და Facebook მოჰყავს. სოროსის აზრით, Google- სა და Facebook-ს დიდი დრო არ დარჩათ სფეროს სამართავად, მეტიც, მას მიაჩნია, რომ მათი დღეები დათვლილია, რადგან ევროპის მსგავსად, აშშ-ში მარეგულირებლები მალე IT კომპანიებით დაკავდებიან.

"თაობამ, რომელიც ციფრულ ეპოქაში გაიზარდა, შეიძლება მთლიანად დაკარგოს თავისუფალი აზროვნება“ - ამბობს სოროსი და ამის დამადასტურებელ მაგალითად დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას ასახელებს. ამასთან, ინვესტორმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და მას მსოფლიო საფრთხე უწოდა. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ ტრამპი თანამდებობას 2020 წელს, მომავალი არჩევნებისას, ან უფრო მალეც დატოვებს.

სოციალურ ქსელებს დემოკრატიის საფრთხედ თავად კომპანია Facebook-იც განიხილავს. კორპორაციის მენეჯერი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელები დემოკრატიაზე ნეგატიურად მოქმედებენ.

“არ არსებობს ეჭვი იმისა, რომ სოციალური ქსელები, ადამიანების განზრახვაზე ზემოქმედებით გავლენას ახდენენ. გვინდა, გვჯეროდეს, რომ დადებითი ზეგავლენა უფრო მეტია. ჩვენი სურვილია სოციალური ქსელი ისე გავასუფთავოთ, რომ მან ადამიანების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა არ მოახდინოს, რადგან ყოველგვარი ზეგავლენა დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს”,- აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ Facebook-ის მენეჯერმა სამიდ ჩაკრაბათიმ განაცხადა. ასევე მარკ ცუკერბერგმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ Facebook-ზე კომერციული პოსტები და მათი პოპულარიზაცია აუცილებლად შემცირდება.