Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შატო მუხრანში" ტურისტების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა

5a7a9d7a7028a
მაია ბიწაძე
07.02.18 10:31
1015
“შატო მუხრანში“ ტურისტების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა.

2017 წელს შატომ 40 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 24 ათასი იყო. ტურისტების დიდი ნაწილი შატოს რუსეთიდან ეწვია, ასევე ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, დიდი ნაკადი იყო გერმანიიდანაც. გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარადა ადგილობრივი სტუმრების რაოდენობა, რამაც მთლიან ტურისტულ ნაკადში 29% შეადგინა.

,,ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ „შატო მუხრანს“ არამარტო უცხოელები, არამედ ქართველებიც სტუმრობენ, დამკვიდრდა ტრადიცია და შაბათ-კვირას შატოში დასასვენებლად ოჯახები ჩამოდიან. კომპანია არ აწარმოებს აქტიურ მარკეტინგულ აქტივობას ტურისტების მოსაზიდად, მათი რაოდენობის ზრდას ვუკავშირებთ იმ ფაქტს, რომ ტურისტი კმაყოფილი მიდის და რეკომენდაციას უწევს სხვას, რომ შატოს ესტუმროს...

განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე, რაც ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მიმართულებაა, ითვალისწინებს საქართველოში ბიზნეს დელეგაციების ჩამოყვანას და მათთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას. ამ მიმართულებითაც ძალიან კარგი შედეგი გვაქვს “ - განუცხადა Bm.ge-ს ელენე ოთარაშვილმა.

„შატო მუხრანში“ ტურიზმის მიმართულების განვითარება 7 წლის წინ დაიწყეს, შატოში მისულ სტუმარს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად სხვა სერვისებსაც სთავაზობენ. "სტუმრებს სტანდარტულ ტურებთან ერთად ვთავაზობთ სხვადასხვა ექსკლუზიურ ტურებს, როგორიცაა ტური მეღვინესთან, იშვიათი საკოლექციო ღვინოების დეგუსტაცია და შედარება, ღვინისა და კერძების შეხამება, ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია ღვინის ენთუზიასტებს შორის და ა.შ.

ამის გარდა, მოწყობილი გვაქვს ქართული კუთხე, სადაც ტურისტებს ქართულ ტრადიციულ აქტივობებში ვრთავთ, როგორიცაა თონეში პურის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა, ჭაჭის ძველი მეთოდით გამოხდა და სხვა. სასახლის მარანში განთავსებული გვაქვს რესტორანი „სამეფო მარანი 1878“, რომლის დასახელება უკავშირდება ივანე მუხრანბატონის მიერ ბოთლის ღვინის პირველ ჩამოსხმას.

ამასთან ერთად, ვმუშაობთ ახალ ევროპულ რესტორანზე, რომელიც სასახლეში განთავსდება.

წელს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დავიწყეთ, სასახლის ინტერიერის რეკონსტრუქცია, რომელზეც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი ხუან პაბლო მულინე მუშაობს, ეს იქნება ბოლო დამაგვირგვინებელი ეტაპი „შატო მუხრანის“ რეკონსტრუქციისა“ - განუცხადა Bm.ge-ს ელენე ოთარაშვილმა.