Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საფეხურებრივი ტარიფის გაუქმებისას სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდია იქნება"

59fc0b681eb7a
დავით ჯალაღონია
03.11.17 10:22
876
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, როცა საფეხურებრივი ტარიფები აღარ იქნება, სახელმწიფოს სოციალურად დაუცველების დახმარება მოუწევს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამინისტრო ევროპაში აპრობირებულ მეთოდებს სწავლობს, რაც ბაზრის ლიბერალიზაციასთან ერთად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასაც ითვალისწინებს.

„ვმუშაობთ გეგმაზე, ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა, რომ მოხდეს სოციალურად დაუცველთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება. შეიძლება, ყველასთვის ერთი ტარიფი იყოს, მაგრამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იდენტიფიცირება და მათი პირდაპირი სუბსიდია მოხდეს, ან ვაუჩერის, ან ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების სახით სახელმწიფოს მიერ, ვინც ამას საჭიროებს. ეს განხლვის სტადიაშია, ჩვენ ჯერ ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, თუმცა ვსწავლობთ რამდენიმე სქემას, როგორ არის უკეთესი. ევროპის მაგალითმა აჩვენა, რომ ყველასთვის ერთი ტარიფი უნდა იყოს და სოციალურად დაუცველ ფენას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სამინისტროებთან, ვინაიდან დღეს ქულებით აფასებენ სოციალურად დაუცველ ფენას და ამის გათვალისწინებით მოხდება ანალიზი, რამდენი არის საჭირო, რომ სუბსიდია გაუკეთოს სახელმწიფომ მომხმარებლებს, თუმცა ამაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ გვაქვს და ახლა მიდის დათვლა“, - განმარტა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ დღეს მოქმედი საფეხურებრივი ტარიფის გაუქმენა უახლოესი რამდენიმე წლის პერსპეტივა არ არის.

მისივე თქმით, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაიის საცდელი მოდელი, რომლის დანერგვა 2019 წელს იგეგმება, თავდაპირველად ძირითადად საბითუმო ბაზარს შეეხება და არა - საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.

დღეს არსებული საფეხურებრივი ტარიფის სისტემის მთავარი მიზანი კი, გიორგი ჩიქოვანის განმარტებით, სოციალურად დაუცველი მომხმარებლისთვის გადასახადის ტვირთის შემსუბუქებაა.

„ლოგიკა არის ასეთი - მაცხოვრებელი რაც უფრო ნაკლებს მოიხმარს, ე.ი მას არ გააჩნია იმდენი შემოსავალი და ელექტრომოწყობილობა, რომ ეს ზღვარი გადალახოს და შესაბამისად, მისთვის საჭიროა დახმარება, რომ გავუადვილოთ ელექტროენერგიის ტარიფის გადახდა“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ისეთი მოდელის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიმწოდებლების დამოუკიდებლად არჩევის საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკოსი დეპუტატი რევაზ არველაძე დღეს მოქმედი საფეხურებრივი ტარიფებით უკმაყოფილოა. მისი აზრით, მიდგომა, რომლის მიხედვით, ვინც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, დაბალ ტარიფს იხდის და შედარებით მსხვილი საყოფაცხოვრებო მომხმარებლები - მეტს, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად გამართლებული არ არის.

დღევანდელი მოცემულობით, „თელასის“ აბონენტები 0-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, ყოველ კილოვატზე 12.98 თეთრს იხდიან, 101-დან 301-ის ჩათვლით - 16.992 თეთრს, 301 კვტ.სთ-დან კი 21.476 თეთრს. რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ისინი 12.954 თეთრს იხდიან, 101-დან 301-ის ჩათვლით - 16.931 თეთრს, 301 კვტ.სთ-დან კი 21.450 თეთრს.