Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს მიმართ გაიზარდა"

5a6d80634dff0
BM.GE
28.01.18 16:17
1091
თებერვალში თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმ Connect-ს უმასპინძლებს. ფორუმზე, 2017 წლის შეფასებასა და 2018 წლის გეგმებზე „საქმიან დილასთან“ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთი ალექსიძემ ისაუბრა.

-20-22 თებერვალს თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმ Connect-ს უმასპინძლებს, რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული ფორუმი?

-მსგავსი ტიპის ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარტივად შეგვიძლია ავიაკომპანიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ავიარეისის განხორციელების შესახებ, დავანახოთ რა შეგვიძლია შევთავაზოთ. საზღვარგარეთ შეხვედრებზე სულ აინტერესებთ და გვეკითხებიან საქართველოს შესახებ. ყველას სურვილი უჩნდება აქ ჩამოსვლის. როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა იმისა, რომ ასეთი ფორუმი საქართველოში ჩაგვეტარებინა, ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით მივიღეთ მონაწილეობა შერჩევაში.

ღონისძიება არის თებერვალში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი საავიაციო ფორუმია და რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპაში. ეს მათი საიუბილეო ღონისძიებაა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა შერჩევა, რადგან მათი ტრადიციული ლოკაციებიდან საქართველო ცოტა მოშორებული იყო. თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ ყველა, ვინც საქართველოში ჩამოვა გაოგნებული წავა აქედან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა მათ ის პოტენციალი ვაჩვენოთ, რომელიც საქართველოს აქვს. ეს ფორუმი ჩვენი ეკონომიკისთვის, როგორც ტურიზმისთვის მომხიბვლელი იქნება.

ბევრი დელეგატი რამდენიმე დღე რჩება საქართველოს დასათვალიერებლად, რაც ღონისძიების პოზიტიური შედეგია. ფორუმი დამსწრეების რიცხვი საკმაოდ წარმომადგენლობითია, იქნებიან ისეთი მსხვილი ავიაკომპანიები, როგორებიც არიან მაგალითად, Air France, Lufthansa, British Airways, Wizz Air, Ryanair, TUI France, Flydubai და ა.შ. დარეგისტრირებულია დაახლოებით 500-მდე დელეგატი და კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ძირითადად ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. შეხვედრების პარალელურად სხვადასხვა ტიპის ბრიფინგები გაიმართება, სადაც ავიაკომპანიები შემდგომი ხუთი წლის პერსპექტივით თავიანთ მოსაზრებებზე ისაუბრებენ. რა თქმა უნდა, ექსკურსიები გავქვს დაგეგმილი თბილისში, მცხეთასა და კახეთში.

-ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მიმართ ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი თუ გაიზარდა?

-როდესაც ვიზალიბერალიზაცია ოფიციალურად შევიდა ძალაში რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთ-ერთ მსხვილ ფორუმზე დავინახე, რომ ავიაკომპანიების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვლილი იყო, რადგან ეს ბაზარი მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც შესვლა იყოს ქვეყანაში მარტივი, ასევე - გასვლაც. ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ პოზიტიურ ძვრებთან ერთად, რაც ქვეყანაში ხდება. რამდენიმე ავიაკომპანია, რომლებსაც წლობით ვესაუბრებოდით და მათი მხრიდან ინტერესი არ იყო, თვითონ დაგვიკავშირდა.

-Ryanair-თან დაკავშირებული მოლაპარაკება რა პროცესშია ამ ეტაპზე?

-ჩვენ მოლაპარაკებას საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიასთან ვაწარმოებთ, მათ შორის, ერთ-ერთი Ryanair-ია. მათ ხშირად ვხვდებით და შეხვედრა ახლაც გვექნება. ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ჯერჯერობით კონკრეტული თარიღების გაცხადება არ შემიძლია, თუმცა, გეტყვით, რომ ბევრ ახალ მიმართულებაზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ მალე კონკრეტული სიახლეები გვექნება.

-გასულ თვეს 45 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების ბოინგები შემოვიდა, ხომ არ არის რამე სხვა სიახლე ადგილობრივ ბაზარზე?

-ავიაკომპანიას My Way Airlines, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე მოსამზადებელ პროცესში არიან და მათგან სიახლეებს ველოდებით. სიახლეებიდან ძალიან სასიხარულოა, ავიაკომპანია “აირზენა“-ს გაძლიერება ბოლო პერიოდში. მათ საკმაოდ დიდი ნაკადის მატება აქვთ. მიმართულებებიც დაამატეს და მიმდინარე წელსაც დაამატებენ საინტერესო მიმართულებებს. მათ შორის, არის პარიზი, ბრიუსელი, კიოლნი, ბერლინი, სალონიკი, ბოლონია და ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე სიახლე ექნებათ. მათ საჰაერო ხომალდები დაამატეს და კიდევ სურთ, რომ განავითარონ.

-ტურისტული სექტორისა და ავიაციისთვის 2017 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, რას ველოდებით 2018-ში?

-გასული წელი ყველა აეროპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო. მიხარია, რომ საქართველოში სამივე საერთაშორისო აეროპორტი დიდი ტემპით ვითარდება და თითოეულს თავისი ნიშა აქვს ბაზარზე. ბათუმის აეროპორტი მინდა გამოვყო, რომელმაც რეკორდული ზრდა აჩვენა. ზაფხულის თვეებში დაახლოებით 100 000 მგზავრი გვყავდა თითო თვეში. ამისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადო "ტავჯორჯიას". იმ ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც დღეს ბათუმში არსებობს, საკმაოდ რთულია ამ რაოდენობის ადამიანის გატარება და პრაქტიკულად ეს ამ კომპანიის დიდი შრომის ფასად მოხდა. ამ კუთხით, თბილისშიც ძალიან დიდი ზრდა არის, 3 მილიონს გადავაჭარბეთ. ამხელა ციფრებს არ მოველოდით. ბიზნესგეგმასაც როდესაც ვადგენდით, ზოგადად 6%-8%-იანი ზრდაც უკვე კარგ ზრდად განიხილება და ჩვენ 43%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო ბათუმში 59%-იანი ზრდა. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელსაც ამ მხრივ კარგი სიახლეები გვექნება, რადგან ბევრი ახალი რეისია, ახალი მიმართულებებია.

მიხარია, რომ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ ამატებენ როგორც სიხშირეებს, ისე ახალ მიმართულებებს. მაგალითად, ავიაკომპანია Flydubai თბილისში დაფრინავს და გასულ წელს ბათუმშიც დაიწყო ფრენები, წელს კი ქუთაისსაც ამატებს. ეს საქართველოს უფრო მიმზიდველს ხდის, რადგან ნებისმიერ წერტილიდან შეგიძლია ფრენა. რამდენიმე ხნის წინ "ტავჯორჯიასთან" ერთად ქუვეიტურ ავიაკომპანიებთან გვქონიდა შეხვედრა და მთი მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაცია დავასრულეთ და ავიაკომპანიებს ის გაფართოებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ეტაპზე სახეზე გვაქვს ძალიან მოსწონთ.