Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერიას დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

5a1bbaf0d72d0
BM.GE
27.11.17 11:10
654
თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა. ბიუჯეტის პარამეტრები ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განიხილეს.

„დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით ტექნიკურ დეტალებზე. თანხები მიიმართება მიზნობრივად, მათი ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„მიდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის და მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე. ესაა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მეტროსადგურების, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლება, ასევე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსხვავებული, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც წინასაარჩევოდ იყო წარმოდგენილი ჩვენგან,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

უახლოეს დღეებში დასრულდება მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზეც, რომელშიც აისახება შესაბამისი ცვლილებები და დოკუმენტი კანონის შესაბამისად, გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.