Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: "ავანსის დღგ-ით დაბეგვრა ბიზნესის მდგომარეობას ართულებს"

5a33b2cfee00f
თელარა გელანტია
15.12.17 15:30
951
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს.

"ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

"როგორც ვიცით, თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა შეეხებოდა სამშენებლო დარგს, მაგრამ შემდეგ რატომღაც სხვებზეც გავრცელდა. ჩვენი პოზიციაა, რომ შეფასდეს მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგები და თუ არის კიდევ ასეთი რისკის მატარებელი სხვა დარგი, იქ უნდა დარჩეს ავანსების დღგ-ით დაბეგვრის სისტემა ძალაში. ამას არც სამშენებლო დარგი ეწინააღმდეგება, რადგან ლოგიკაცაა და სამართლიანიც არის; მაგრამ იმ დარგებში, სადაც საგადასახადო რისკები არც არასდროს ყოფილა, ავანსის დღგ-ით დაბეგვრა არაა მიზანშეწონილი. ეს ერთგვარად ართულებს ბიზნესის მდგომარეობას“, - აცხადებს ძნელაშვილი.

შეგახსენებთ: ავანისის დღგ-ით დაბეგვრის სისტემა 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში კი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე, ბიზნესმა მამუკა ბახტაძესთან სწორედ ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმება და მხოლოდ სამშენებლო სექტორისთვის დატოვების საკითხი დააყენა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებით ახსნა, უკვე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი თქვა, რომ ავანსი დღგ-ით უნდა იბეგრებოდეს, მაგრამ ისიც დასძინა, რომ თემაზე გუნდი იმსჯელებს.