Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახს ქონება პირდაპირი მიყიდვით გადაეცა

5a741b3a0ab6a
მარი როჭიკაშვილი
02.02.18 12:00
958
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის 44/ჭოროხის 9 ნომერში განთავსებულ შენობებში 130, 200 და 336 (სულ 666) კვ.მეტრი ფართი პირდაპირი მიყიდვით შპს "ტელეგრაფს" გადასცა.

შენობა, რომელიც საქართველოს ფოსტის ყოფილი ოფისის გაყოლებაზეა და კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანიამ 415 453 ლარად იყიდა.

განკარგულების მიხედვით, მყიდველმა აღნიშნული თანხა ერი თვის ვადაში უნდა დაფაროს.

ერთადერთი მოთხოვნა რაც მთავრობამ კომპანიას წაუყენა, ძეგლის მოვლა-პატრონბაზე, 3 თვის ვადაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებაა.

შპს "ტელეგრაფი" საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2015 წლის ბოლოსაა რეგისტრირებული და მისი მფლობელები ქართული ოცნების დეპუტატის ისკო დასენის შვილები, კნიაზ და ტიტალ დასენები არიან.

აღსანიშნავია, რომ კნიაზ და ტიტალ დასენების კომპანია "ტელეგრაფი" ფლობს აღმაშენებელზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობას, თუმცა 2016 წელს როდესაც აუქციონში გაიმარჯვა "ნევადა" ერქვა. ფოსტის ყოფილი შენობა, მაშინ 5 750 000 ლარად გაიყიდა.

დეპუტატ ისკო დასენს ამ თემაზე საუბარი არ სურს. ამბობს, რომ მას კომპანიასთან შეხება არ აქვს.

"მე კომპანიასთან შეხება არ მაქვს და არ ვიცი რა პრივატიზაციაზეა საუბარი, მათი საქმიანობით მე არ ვინტერესდები", - განაცხადა ისკო დასენმა.