Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში"

5a118b3f0ac42
BM.GE
19.11.17 18:00
704
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო არის ბუნებრივი დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, აქვს დიდი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში, მათ შორის, ვაჭრობისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

"ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. ამდენად, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით. განვითარებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და დიდი შესაძლებლობაა რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის წარმოებისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა. ეს არის პროექტები, რომლებმაც უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს ქვეყანაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებაშია ასევე ჩინურ კომპანიებთან. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში ჩინური მხარე ძალიან სერიოზულად იყოს წარმოდგენილი. სულ მალე, 28-29 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდება მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც ჰქვია "ერთი გზა - ერთი სარტყელი". ეს ფორუმი გახლავთ ანარეკლი ჩინეთის მთავრობის, კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივისა, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის აღდგენის თაობაზე. ჩვენ ველოდებით წარმომადგენლობით დელეგაციას ჩინეთიდან, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარულნი ვიქნებით, განვიხილოთ ახალი ეკონომიკური ინიციატივები ამ პროექტის ფარგლებში. და ბოლოს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ თითოეული ინვესტიცია, თითოეული პროექტი ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ გაათმაგებული პასუხისმგებლობით და მონდომებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ სწორად დაგეგმვასა და მაღალ ხარისხზე. ჩვენი ამოცანაა, ეფექტიანად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანაშია და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ მყარი გარანტიები სტაბილური, მშვიდი და უკეთესი ცხოვრებისათვის. მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.