Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვაზე დარგული ხეების მესამედი გამხმარია"

5a86975d853b4
მარი როჭიკაშვილი
16.02.18 12:29
715
დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული 398 ათასზე მეტი ხე-მცენარედან მესამედზე მეტი გამხმარია ან საერთოდ არ არსებობს. ამ დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, თბილისის მერიამ 2015 წელს დარგო 398 143 ხე-მცენარე, რაზეც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 826.4 ათასი ლარი გაიხარჯა. ხე-მცენარეები გაშენდა დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დენდროლოგიურ პარკში დაირგო 72 043 ძირი სხვადასხვა დასახელების ნერგი. აუდიტის ინფორმაციით, მცენარეთა დასამაგრებლად არ არის გამოყენებული ჭიგოები; არ ხორციელდება პარკის ზედამხედველობა. ტერიტორია შემოღობილია, თუმცა ვერ უზრუნველყოფს ნარგაობების დაცვას, კერძოდ, შეინიშნებოდა შინაური ცხოველების ყოფნისა და მცენარეების დაზიანების ფაქტები.

ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ დაირგო 326 100 ძირი ხე-მცენარე. აუდიტის ინფორმაციით, 2016 წელს შპს „თბილისის პარკებს“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აღნიშნულ ტერიტორიებზე და სხვა უბნებში დარგული ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა და მოვლა-პატრონობა (ტერიტორიის გათიბვა, სასუქის შეტანა). ამ მიზნით კომპანიებმა 2016 წელს მიიღეს სულ 400.0 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2017 წლიდან ტერიტორიების მოვლა-პატრონობა არ ხორციელდება და არ ჩატარებულა არანაირი აგრო-ტექნიკური ღონისძიება.

გარდა ამისა აუდიტის ინფორმაციით, მერიის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ იყო დაცული მიმწოდებლის ინტერესები.

„ ხელშეკრულების პირობები ჭიგოს გამოყენებასა და გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ დააწესა სათანადო კონტროლი და არ მიიღო დამატებითი ზომები საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების დაგეგმილი შედეგების მისაღწევად. აუდიტის ობიექტმა არ შეისყიდა ნარგაობების მოვლა-პატრონობის მომსახურება დამოუკიდებელი ვეგეტაციის პერიოდის მიღწევამდე, რამაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ხმობა განაპირობა“–ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.