Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომუნიკაციების კომისია TI-ის დასკვნას "არაკვალიფიციურს" უწოდებს

5a69bab34556d
თამუნა დემეტრაშვილი
25.01.18 15:04
870
"საერთაშორისო გამჭვირვალობის არაკვალიფიციურ დასკვნებზე კომენტარის გაკეთებას კომისია საჭიროდ არ ვთვლის"- ასე გამოეხმაურა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი მერაბ ქათამაძის განათლება, ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

"კომისიის წევრს, უნდა ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი". ქათამაძემ 1981 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაასრულა, სპეციალობა - მართვის ავტომატიზებული სისტემები, კვალიფიკაცია - ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად დგინდება, რომ მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მერაბ ქათამაძეს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს, ამასთან საჭიროდ მიიჩნევს, რომ მსგავ შემთხვევებში კანონი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საშუალებას იძლეოდეს. ამისთვის კი, კანონში ცვლილების ინიციატივით გამოდის. აღსანიშნავია, რომ არასომთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ ანალოგიური დასკვნა კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის წინააღმდეგაც გამოაქვეყნა.