Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერში დისკვალიფიცირებული კომპანია უკონკურენტო კანდიდატია

5a71cd59e95c1
მეგი კავთუაშვილი
31.01.18 18:04
809
საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფის ტენდერში განცხადების მიღება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ორივე ლოტში განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ნილმა“ შეიტანა, შესაბამისად ვაჭრობა არაკონკურენტულ გარემოში გაიმართება. შპს „ნილი“ ერთ-ერთია იმ სამი კომპანიიდან, რომელსაც გასულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამის მიუხედავად, საბავშვო ბაღებს საკვებით ამ დროისთვისაც აღნიშნული კომპანია ამარაგებს. იმის გამო, რომ რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, მერიამ „ნილს“ დროებითი, - ერთ თვიანი ხელშეკრულება გაუფორმა. სწავლის დაწყებიდან მოკლე ხანში მშობლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ადგილი ჰქონდა ბავშვებისთვის რძის ღვინის კონტეინერებით შეტანის ფაქტსაც, რისი განმარტებაც მერიის მაღალჩინოსნებს მოუხდათ.

შპს „ნილი“ უფასო სასადილოების პროექტშიც მონაწილეობდა, სადაც ასევე დარღვევები უფიქსირდებოდა.

ბაღების ტენდერი კვლავ ორ ლოტად იყო გამოცხადებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მერია კვლავ ცალ-ცალკე ცდილობდა კერძო კომპანიის შერჩევას. საერთო ღირებულებად კი 34 მილიონი ლარი ჰქონდა განსაზღვრული. შპს „ნილის“ მიერ წარდგენილი შეთავაზებით, მას ბაღების საკვებით მომარაგებისთვის 33 932 326 ლარი ეყოფა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებლებმა საკვებითი მომარაგება მიმდინარე წლის 19 თებერვლიდან 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყონ. ვალდებულების მიხედვით, კომპანიამ დღეში სამჯერადი ძირითადი კვებით და ერთი წახემსების გათვალისწინებით ჯამში 29 ათასზე მეტი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვი უნდა გამოკვებოს.