Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Microsoft კომპანიებს კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვის სერვისს სთავაზობს

5a04547994d58
BM.GE
09.11.17 17:07
629
კიბერთავდასხმები საინფორმაციო სისტემებსა და სერვისებზე უკვე შედის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკების სიაში, რომელთან გამკლავებაც უხდება მსოფლიო ბიზნესს. კერძოდ, მსოფლიოში ატომურ იარაღთან და ტერორიზმთან ბრძოლასთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემად იქცა კიბერუსაფრთხოება. ტექნოლოგიებისა და „ღრუბლოვანი“ სისტემების განვითარება, ბიზნესის მართვაში ახალი სერვისებისა და გადაწყვეტილებების გაჩენა, საინფორმაციო გარემოს დინამიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელშიც უწევს მუშაობა თანამედროვე საზოგადოებას, კერძო თუ საჯარო სექტორისგან მოითხოვს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კიბერსაფრთხეების ხასიათი მუდმივად იცვლება, რის გამოც იცვლება მოთხოვნები დაცვის საშუალებებისა და მეთოდების მიმართაც.

„მაიქროსოფთი“ კომპანიებს კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვის სერვისს სთავაზობს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების განსახილველად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში („საქპატენტი“) შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „მაიქროსოფთის“ „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვისა და შესაბამისობის“ დირექტორი ლორან სინიორე და „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

„შეხვედრა „მაიქროსოფთის“ მორიგ ინიციატივას მიეძღვნა, რომელიც კლიენტებისთვის კიბერდარტყმებისგან თავის დაცვის სერვისის შეთავაზებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეფასდეს თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ, სად სჭირდებათ ლიცენზირება, რა ნაწილში გააჩნიათ გარკვეული რისკები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება და სხვადასხვა სახის კიბერთავდასხმები. აღნიშნული სერვისი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ლიცენზირებული პროდუქტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდას. ამასთანავე, მომხმარებლისთვის ცნობილი გახდება, თუ რა ძირითად უპირატესობებს მისცემს მათ ლეგალური პროდუქციის გამოყენება. ცნობილია, ლიცენზირებული პროდუქტებით სარგებლობისას ბევრად დაცული ხარ მოსალოდნელი კიბერთავდასხმისგან,“ – განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ.

შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა თუ რამდენად დაცულია დღეს ინტელექტუალური საკუთრება მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რა ბერკეტები არსებობს კიბერთავდასხმებისგან თავის დასაცავად, რა არის ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოების განვითარების პროცესში, რა გამოწვევებით არის შესაძლებელი ვუპასუხოთ შექმნილ პრობლემებს და სხვა.

ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ გვაქვს ძლიერი პარტნიორობა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორთან IT ინდუსტრიის სფეროში, მათ შორის, „მაიქროსოფთსა“ და „საქპატენტს“ შორის. დღეს ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, ერთ-ერთი ეხებოდა GDPR-ს, რომელიც წარმოადგენს ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციას. იგი სავალდებულოა ყველა კომპანიისთვის, მათ შორის ქართული კომპანიებისთვისაც, რომლებსაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირთან და ინახავენ ევროპული კომპანიებისა თუ მოქალაქეების პირად მონაცემებს. ასევე, შევეხეთ პროგრამული აქტივების მართვას, რომელიც ეხმარება კომპანიებს გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, გაიგონ მათი ინფრასტრუქტურის სუსტი წერტილები და შეამცირონ რისკები. მაიქროსოფთის ინვესტიციები აღნიშნულ სფეროში ძალიან დიდია, მათი მიზანია დაეხმარონ მომხმარებლებს დაიცვან თავი კიბერსაფრთხეებისგან. სამომავლოდ, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, ტრენინგი, საკომუნიკაციო აქტივობები, რათა ადამიანებმა და ბიზნეს სექტორმა უკეთ დაიცვან ის ყველა ინტელექტუალური საკუთრება, რასაც კიბერთავდასხმები ანადგურებს,“ - კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა „მაიქროსოფთის“ “ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამული აქტივების მართვისა და შესაბამისობის“ დირექტორმა ლორან სინიორემ, ამასთან, მიაჩნია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან პირდაპირ კავშირშია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების გატარებაზე, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.