Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკულ გაერთიანებაში რატიფიკაციისთვის დოკუმენტაციას მთავრობა პარლამენტს თვის ბოლოს გადაუგზავნის

58c2943eec979
დავით ჯალაღონია
10.03.17 15:55
1028
ენერგეტიკულ გაერთიანებაში რატიფიკაციისთვის დოკუმენტაციას მთავრობა პარლამენტს თვის ბოლოს გადაუგზავნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრო.

„რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვას, არამედ ევროინტეგრაციას. ენერგეტიკულ გაერთიანებაში ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ყველა სფეროში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის პრინციპზე მოქმედი ერთიანი ბაზრის შექმნას გულისხმობს, სადაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული რესურსის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მისი გარანტი კი სოლიდარობის პრინციპის საყოველთაო აღიარებაა", -განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება EU4ENERGY-ის მმართველობის რეგიონულ ოფისს, ეს ორგანიზაცია კოორდინაციას გაუწევს პროექტის იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, რეგიონული ოფისი პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები.

ოფისის გახსნას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ EU4ENERGY პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მისი მთავარი მიზანია, გარდაქმნას და ხელი შეუწყოს საქართველოს საკანომდებლო და მარეგულირებელი ბაზის შექმნას.

„განსაკუთრებული ელემენტი ამ პროექტისა გახლავთ ის, რომ დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ზუსტად ასეთი კანონმდებლობის შექმნაში. საქართველო გახლავთ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების წევრი ქვეყანა და სწორედ ამ ხელშეკრულების შესაბამისად უნდა მოხდეს მთელი რიგი სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელიც არსებობს ევროკავშირში“, - განაცხადა კატერინა მატერნოვამ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, EU4ENERGY -ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4ENERGY-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს.