Home
Category
TV Live Menu
Loading data...

IDFI: საკონსტიტუციო სასამართლოში სახელფასო ფონდი იზრდება

5a434495c60a1
BM.GE
27.12.17 10:58
874
2012 წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება ყოველწლიურად გარკვეულწილად იზრდება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულია 4,1 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯთაღრიცხვის შესახებ IDFI ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2011-2017 წლებში საშუალოდ 75%) მიემართება მოსამართლეების და აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სასამართლოს გაზრდილი დაფინანსების პირობებში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 915,6 ათას ლარს. ეს თანხა ყოველწლიურად ეტაპობრივად იზრდებოდა და 2017 წლის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 2 762 ათასი ლარი.

წლების განმავლობაში თანამშრომელთა ოდენობის კლების ფონზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებდა როგორც ფიქსირებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მატება, ასევე სასამართლოში არსებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა”,- ნათქვამია კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის - 6300 ლარით, ხოლო სასამართლოს წევრის - 6000 ლარით. ამ ცვლილებამდე თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენდა 5 650 ლარს, მისი მოადგილის- 4 800 ლარს, ხოლო სასამართლოს წევრის - 4400 ლარს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური სარგო ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოს საჯარო სექტორში, როგორც მიღებული მონაცემები აჩვენებს 2012-2017 წლებში მოსამართლეებზე დამატებით აქტიურად გაიცემოდა პრემიები და სახელფასო დანამატები. ამ პერიოდში მოსამართლეებზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია 2014 წელს 502,8 ათასი ლარი. წინა წლებთან შედარებით 2014 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშნელოვანი ზრდა განაპირობა სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით თითოეულ მოსამართლეზე ყოველთვიურად 4 335 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატის დანიშვნამ. 2014 წლის მიწურულს მოსამართლეების ყოველთვიური სარგოს ზრდის კვალდაკვალ, აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ყოველთვიური დანამატები გარკვეულწილად შემცირდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური სახელფასო დანამატია 2985 ლარი, მისი მოადგილის და მდივნის 2835 ლარი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - 2735 ლარი”,- ნათქვამია კვლევაში.



არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2012-2013 წლებში სხვადასხვა მოსამართლეებზე წლიურად გაცემული პრემიის ოდენობა 20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო 2014 წლის შემდეგ 9 ათასიდან 17 ათასამდე.

„სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტულ მოსამართლეზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისას შესაბამისი დასაბუთების არ არსებობა აჩენს პრემიების არაობიექტური კრიტერიუმებით გაცემის მნიშვნელოვან რისკებს.

კვლევაში საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შრომის ანაზღაურებაზეც.

„საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული დეკლარაციების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს იყო 102 850 ლარი, ხოლო 2015 წელს 131 802 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის ზაზა თავაძის 2012 წელს იყო 83 600 ლარი, ხოლო 2016 წელს 129 628 ლარი. შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა არის სხვა სასამართლოს წევრების შემთხვევაშიც. მაგალითად, თამაზ ცაბუტაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს შეადგენდა 76 800 ლარს, ხოლო 2016 წელს - 121 028 ლარი. ლალი ფაფიაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს იყო 60 600 ლარი, ხოლო 2016 წელს ეს თანხა დაახლოებით გაორმაგდა - 122 428 ლარი.

2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ 2014 წლის შემდეგ მოსამართლეებთან ერთად, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები ასევე მნიშვნელოვნად გაეზარდათ აპარატის თანამშრომლებს. მაგალითად, 2012 წელს აპარატის 101 თანამშრომელზე თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია 861,1 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 76 თანამშრომელზე 1 181,6 ათასი ლარი. აპარატის თანამშრომლებისათვის ყოველთვიური სახელფასო დანამატები განსაზღვრული არ არის და დამატებითი ანაზღაურების ფორმად დამკვიდრებულია მხოლოდ პრემიის გაცემის პრაქტიკა. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაცემულია 2014 წელს - 480,3 ათასი ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანხები, აღემატება აპარატის ყველა თანამშრომელზე ერთად პრემიის სახით გაცემულ თანხას.

შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად 2012 წელს მსგავსმა ხარჯმა შეადგინა 7,6 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 75,8 ათასი ლარი. მსგავსი ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელია 2017 წელს, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აგვისტოს მდგომარეობით სასამართლოს აპარატის მთელი რიგი საშტატო თანამშრომლები გადაყვანილია შტატგარეშე თანამშრომლად და მათი რიცხვი 31-ს შეადგენს”,- ნათქვამია კვლევაში.