მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმო, რომელიც რუსთავში სუნს იწვევს, ქალაქიდან მოშორებით გადააქვთ

5e1b21d5208ce
ანი ციხისთავი
13.01.20 09:00
9947
კომპანია “თეთრ ქუდს”, სოკოს საწარმოს, რომელიც დიდი ხანია რუსთავში არასასიამოვნო სუნის მიზეზია, 2020 წლის მაისამდე ქალაქიდან მოშორებით გადაიტანენ - ამის შესახებ Bm.ge-თან “თეთრი ქუდის” წარმომადგენელმა ისაუბრა.

ცნობისთვის, სოკოს საწარმოს მიერ გამოყოფილი სუნის გამო სასამართლოში განხილვა ერთხელ უკვე შედგა, რის შედეგადაც საწარმო 500 ლარით დაჯარიმდა.

“გვეუბნებიან, რომ უნდა გვქონდეს უფრო დიდი ფილტრები. იმასაც გვაბრალებენ, ეს ფილტრები გაქვთ, მაგრამ არ აყენებთო. ჩვენც არ გვსიამოვნებს სუნში მუშაობა, უბრალოდ ეს ფილტრები არ გვაქვს და მათი შეძენა და დაყენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამასთან, არც ის ფილტრებია ისეთი, რომ სრულად აღმოფხვრას სუნის პრობლემა”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

“თეთრი ქუდის” წარმომადგენლის თქმით, საწარმოს გადატანა სასამართლოს მხრიდან ვალდებულებას არ წარმოადგენს. შეკითხვაზე, გადააქვთ თუ არა საწარმო ქ. რუსთავში სუნის პრობლემის არსებობის გამო, კომპანიის წარმომადგენელმა Bm.ge-ის ასე უპასუხა: “მერიაში ჩვენი სურვილით შევიტანეთ განცხადება, რადგან ვცდილობთ, გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ქალაქს ჩვენი ქარხნის გამო აწუხებს. დღეს ნაკვეთის შესყიდვის ეტაპზე ვართ”.

კომპანიაში ახალი ნაკვეთის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროებენ, თუმცა, წარმომადგენლის თქმით, საწარმოს ქალაქიდან მოშორებით გადაიტანენ.

კომპანიის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანიის პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა.

“უბრალოდ სოკოს სპეციფიკაა ასეთი - ნიადაგში ისეთი ნივთიერებები სჭირდება, რომლებიც შემდგომ სუნს იწვევს. სუნი ყოველთვის არ არის, დროდადრო დგება. იმასაც ვერ დავიბრალებთ, რომ ქალაქში სუნი ყოველთვის ჩვენი მიზეზითაა”,- აცხადებს “თეთრი ქუდის” წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები