მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ფონდი "ცენტრ პოინტის" პრობლემის მოსაგვარებლად - თბილისის მერიის სქემა

5de224a3a1915
შოთა ტყეშელაშვილი
30.11.19 15:10
2381
თბილისის მერია ახალ ფონდს ქმნის, რომელშიც 35-დან 42 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება არის დაგეგმილი. ფონდი “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოსაგვარებლად იქმნება, ამ თანხით, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი მშენებლობის განახლება და დასრულება უნდა მოხდეს. საუბარია კორპუსებზე, რომლებიც ნაწილობრივ აშენებულია, მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა მათი საცხოვრებლად გამოყენება თითქმის შეუძლებელია.

ახალი ფონდი არა - ბიუჯეტიდან, არამედ კერძო მოსაკრებლებისგან დაფინანსდება. შეიქმნება კომისია, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს დეველოპერების მიერ წარდგენილი წინადადებები და ურბანული თვალსაზრისით თანხმობის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებისთვის გარლვეული “გამონაკლისების” მინიჭების სანაცვლოდ შესაბამისი თანხა მიიღოს.

BMG ამ პროექტის შესახებ თბილისის ვიცე-მერ ილია ელოშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ დედაქალაქის მთავრობამ “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოგვარება ახლებურად დაინახა და რომ ამ ფონდის მეშვეობით ის ათასობით ადამიანი, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალდა, საბოლოოდ, აშენებულ და გამართულ საცხოვრისს მიიღებს.

2019 წლის მარტიდან თბილისის მერიამ სამშენებლო კ2 კოეფიციენტების მატება აკრძალა. ამასთანავე, შეცვალა წესები, რომლებიც 2019 წლის მარტამდე ამ მიმართულებით მიღებულ განაცხადებზე თანხმობას განსაზღვრავდა. BMG-ის კითხვაზე იქნება თუ არა ახალი ფონდის შექმნა შინაარსობრივად ანალოგიური იმისა, რასაც კოეფიციენტებით ვაჭრობა წარმოადგენდა, ელოშვილი პასუხობს, რომ ამ მხრივ ტოლობის დასმა არ შეიძლება და რომ ახალი ფონდის პირობებში “დაახლოებით, ათასჯერ მცირე მოცულობის” გამონაკლისებზე იქნება საუბარი.

ელოშვილი განმარტავს იმ სტრუქტურასაც, რომლითაც ახალი ფონდი იმართება. მის მართვას გადაიბარებს მერიის მიერ დაქირავებული მენეჯმენტ კომპანია, რომელსაც სამშენებლო პროექტების მართვის საერთაშორისო გამოცდილება ექნება. სრულად აუშენებელი პროექტების დასრულების შესახებ კი ვიცე-მერი ამბობს, რომ თბილისის მერიას რამდენიმე დეველოპერთან აქვს მოლაპარაკებები. 

ილია ელოშვილი “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოგვარების ახალი ხედვის შესახებ:

“ცენტრ პოინტის დაზარალებულები იყოფიან ორ კატეგორიად. პირველი - ისინი, რომელთაც თითქოსდა აუშენდათ სახლები, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები აღნიშნულ შენობებში საკუთარი ძალებით შევიდნენ და რეალურად ეს შენობები საჭიროებს სამუშაოებს. ეს არის სავალალო და კატასტროფული პირობები, არანაირი კეთილმოწყობა, არანაირი გაყვანილობა, ძალიან ცუდი პირობებია. ამ კატეგორიაში 1500-დან 1700 ოჯახამდეა.

არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც საერთოდ არ აშენებია სახლი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორივე კატეგორია არის თანაბრად დაზარალებული. ისინი იმყოფებიან უმძიმეს პირობებში. ახალი ის, რაც ჩვენს ხედვაში არის, რამდენიმე კომპონენტია - პირველი არის ის, რომ შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, შეიქმნა სპეციალური კომისია ამ კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობების, თბილისის მერს მიენიჭა ის ბერკეტები, რომ გარკვეული გამონაკლისები დაუშვას თუკი ამ გზით ხელი ეწყობა დასრულებელი მშენებლობების დასრულება.

მეორე - რაც სიახლე არის “ცენტრ პოინტთან” მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ გამოვყავით ორი ძირითადი ნაწილი. შევთავაზეთ დეველოპერებს დასამთავრებელი 7 ობიექტი, რომ შემოგვთავაზონ გარკვეული პრეფერენციები და გამონაკლისები მათ მიმდინარე პროექტებში, ანუ არა “ცენტრ პოინტის”, არამედ სხვა მიმდინარე პროექტებში.

ფონდის მუშაობის პრინციპს ავხსნი, ჩვენ შევთავაზებთ დეველოპერებს, რომ მათ შემოგვთავაზონ გარკვეული პრეფერენციები, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კოეფიციენტები, აქ არის საუბარი არქიტექტურულ ნაწილში გამონაკლისების დაშვებაზე, ასევე მოსაკრებლის ნაწილშიც გარკვეულ გამონაკლისებზე. თუკი მათი შემოთავაზება იქნება ურბანულად მისაღები და ფინანსურად გამართლებული, რა თქმა უნდა, კომისიური მსჯელობის შემდგომ, ამ წინადადებებს მივიღებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მსხვილი კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტში.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, როდესაც ჩვენ ავკრძალეთ და მილიონობით კვადრატული მეტრის კ2 კოეფიციენტი გაიცემოდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დედაქალაქში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს ავკრძალეთ, აქ ახლა საუბარია ამის 0.01%-ზე, ისიც თუკი ეს იქნება ურბანულად გამართლებული და კომისიურად დამტკიცებული და შესაბამისად მისაღები იქნება ასეთი გადახრები ანუ ისინი ურბანული თვალსაზრისით არ შექმნის პრობლემებს.

თუკი ადრე კ2 კოეფიციენტები გაიცემოდა პრაქტიკულად 99% ყველა მშენებლობაზე, თითქმის ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე და ეს ხდებოდა მუდმივად, ამას ჰქონდა მილიონობით კვადრატული მეტრის გამოხატულება, ამ შემთხვევაში ეს არის კონცენტრირებული მხოლოდ დაუსრულებელ მშენებლობებზე, რასაც ეს მაჩვენებელი ალბათ ათასჯერ ამცირებს.

საუბარი არის რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული მეტრის გამონაკლისზე, რომელიც ურბანულად იქნება გამართლებული. ამასთანავე, ამას არ ექნება განგრძობითი ხასიათი, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა. როდესაც კ2 კოეფიციენტებით ვაჭრობა ავკრძალეთ, იქვე იყო ჩაწერილი, რომ გარკვეული გამონაკლისები შეგვეძლო გაგცევა, კონკრეტულად კი ავარიულ სახლებთან და დაუსრულებელ მშენებლობებთან მიმართებით.

35 მილიონიდან 42 მილიონამდე ვფიქრობთ. მოგახსენებთ პერიოდს, როგორ ვხედავთ, ამ შვიდი ობიექტების დასრულების ვადებს. ჩვენ გვინდა, რომ დაზუსტება მოხდეს იმ ხარჯთაღრიცხვის, რომელიც უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მენეჯმენტ კომპანიამ დააზუსტოს ეს ხარჯთაღრიცხვა, ჩვენ გვინდა, ასევე, რომ პირველ კვარტალში მოხდეს ტენდერების გამოცხადება და კონკრეტული სამშენებლო სარემონტო კომპანიების აყვანა მოხდეს. 2020 წლის მეორე კვარტლიდან გვინდა, რომ ამ შვიდ ობიექტზე იყოს გაჩაღებული სამუშაოები. ამისთვის იკრიბება კომისია, ამ ვადებში ჩაჯდება კომისია, რაც შეეხება იმ ცხრა ობიექტს, რომელიც ასაშენებელია, ამას შევთავაზებთ ინვესტორებს, მომავალი წლის პირველი კვრატლის დასრულებამდე ყველა მოლაპარაკება უნდა იყოს დასრულებული და სანებართვო დოკუმენტაციაც უნდა იყოს დასრულებული.

ფონდი იქნება სრულიად ღია, მას მართვას გაუწვეს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე მენეჯმენტ კომპანია, რომელსაც დაევალება თოთოეული თეთრის მონიტორინგი. ყველაფერი იქნება გამჭვირვალედ და გაკეთდება ტენდერების მეშვეობით,” - ამბობს ვიცე-მერი.

ცენტრ პოინტის შესახებ:

“ცენტრ პოინტი ჯგუფი” წარსულში საქართველოს ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანია იყო. მასში 70-მდე კომპანია და არაერთი ამხანაგობა შედიოდა. "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ პროექტების ასაშენებლად $310 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა, თუმცა აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა, რის შედეგადაც, ათასობით ოჯახმა და მთლიანად ქართულმა სამშენებლო სექტორმა უმძიმესი ზარალი განიცადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები