საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაანონსებიდან 4 წლის თავზე პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.
Bm.ge-ის კითხვებზე - რა ეტაპზეა პროექტი, ასევე, რა სახის სამუშაოები განხორციელდა 2018 წელს და რა კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს მიმდინარე წლისთვის, პროგრამის კოორდინატორმა ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა, მიუხედავად იმისა, რომ BMG სამინისტროსგან პასუხებს, დაახლოებით, ერთი თვე ელოდა.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ არც 2015 წელს დაფუძნებლ “ოუფენ ნეტში” საუბრობენ, რომელსაც რეგიონებში „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა უნდა გაეყვანა. (კომპანიამ პირველივე ზარზე BMG ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართა.
opennet.ge-ზეც ბოლო სიახლე 2016 წელს არის გამოქვენებული.
შეგახსენებთ, რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერში “პირველი არხის” ეთერით გააკეთა.
ივანიშვილმა მაშინ თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა. მოგვიანებით, საქმეში სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროც ჩაერთო, რომელმაც ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაარსა. საბოლოოდ, პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ”ქართუ” გახდა.
ინტერნეტიზაციის პროექტზე “ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამაშიც იყო საუბარი, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშენდებოდა 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით, 800 ათასი ადამიანი მიიღებდა ინტერნეტს.
„შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა”, - ეწერა „ოცნების“ პროგრამაში.
სწორედ 2016 წელს დაამტკიცა მთავრობამ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პროექტისთვის მთლიანობაში დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა, რასაც სრულად ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ქართუ" გაიღებდა.
ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონოდა მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა.
უფრო კონკრეტულად კი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა ჰქონოდა. მეტიც, 2015 წელსვე ცნობილი გახდა იმ 400-ზე მეტი სოფლის დასახელება, სადაც საწყის ეტაპზე ოპტიკური ქსელის მშენებლობა უნდა მომხდარიყო.
პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც სახელმწიფო 2020 წლისთვის ვარაუდობდა, მაღალხარისხიანი ინტერნეტი 2000 დასახლებამდე უნდა მისულიყო.
მთავრობის დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, მაშინ ის რამდენიმე ნაწილად გაიყო:
1. ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი, რომელიც მოიცავს:
ა) ფინანსურ რესურსებზე წვდომის მექანიზმების ჩამოყალიბებას;
ბ) ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურით მომსახურების მიწოდებას.
2. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი, რომელიც მოიცავს:
ა) ინფრასტრუქტურის პროექტირებას და მშენებლობას;
ბ) ქსელის დაგეგმარებას და მოწყობას;
გ) ინფრასტრუქტურისა და ქსელის მომსახურებას;
დ) საბითუმო ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდებას.
გარდა ამისა, პროგრამაში ვკითხულობთ, რომ “პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით”, თუმცა ინფორმაციის მოპოვება ვერც ამ კუთხით მოხერხდა;
ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით (საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული კრედიტით) აპირებდნენ ინფრასტრუქტურის რეგიონებში განვითარებას, მთავრობა გარკვეული სახის სუბსიდირებასაც სთავაზობდა.
“ამ პროცესის წახალისების მიზნით, სახელმწიფო მათ ბანკიდან აღებულ პროცენტს დაუსუბსიდირებს, აშშ დოლარში - მაქსიმუმ 10%-ით, ხოლო ეროვნულ ვალუტაში -მაქსიმუმ 12%-ით. ხოლო დანარჩენ ყველა სოფელს, რომლის მოსახლეობაც აღემატება 200 ადამიანს, „ოუფენ ნეტი“ აუშენებს ინფრაქტრუქტურას და შემდგოში შესაბამისი კონკურსის შედეგად ოპერაციულ მართვაში გადასცემს კერძო კომპანიებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება იმ კომპანიების არჩევა რომელიც, საბოლოო ჯამში, ინტერენტს მიაწვდიან მოსახლეობას, მინდა ცალსახად განვმარტო, რომ სახელმწიფო ამ პროცესში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას, რადგან ნებისმიერ კომპანიას ექნება შესაძლებლობა მიაწოდოს ინტერნეტი მოსახლეობას. თავად პროექტი გულისხმობს სწორედ ნეიტრალური ინფრასტრუქტურის აშენებას, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ როგორც დღეს არსებულ ნებისმიერ (მცირე თუ მსხვილ) ოპერატორებს, ასევე შესაძლებლობა იქმნება, რათა ბაზარზე გაჩნდეს ახალი მცირე კომპანიები რეგიონებში, რომლებიც ინტერნეტ მომსახურებას მიაწვდიან საბოლოო მომხმარებლებს”, - აცხადებდა 2016 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.
მოგვიანებით კი, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში Open.net-მა გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე შემდეგ ლოკაციებზე:
• ზუგდიდი-ჯვარი-მესტია - ჯამური ღირებულება: 5 790 000 ლარი
• ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური - ჯამური ღირებულება: 5 050 000 ლარი
• სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთი - ჯამური ღირებულება: 4 280 000 ლარი
• ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი - ჯამური ღირებულება: 3 930 000 ლარი
მოეწყო თუ არა ინფრასტრუქტურა მოცემულ ლოკაციებზე, ამის შესახებაც სააგენტომ შესაბამისი უწყებებისგან პასუხი ვერ მიიღო.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არც "მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში ფლობენ. გამგეობის თავმჯდომარის მიხეილ გოთოშია განმარტებით, მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაში გაწერილი იყო ეტაპები, თუმცა თუ რატომ არაა პროცესები გამჭვირვალე და ღია, მისთვისაც უცნობია.