მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის თქმით, აბულინგებენ, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამცირებენ

63ac569b5c46e
ინგა მურუსიძე
28.12.22 18:48
844
დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით, არ შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა და მოგვიანებით სასახლეში განცხადებაც გააკეთა.

მან რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ: 

"ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი. დღეს, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვაპირებდი და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი სურვილი იყო, ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა (აქ არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე), გამივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო მიშა სააკაშვილის რეჟიმს. მე იქ ჩავედი ამ ადამიანებისთვის და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართულნი შემოვარდნილიყვნენ სასახლეში, ეს არ არის ფორმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ.

ის ადამიანები, რომლებსაც მე ამ ყველაფრისა და საერთო წარსულის გამო, ძალიან დიდი პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში და იციან, რომ ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება მოითხოვოს შეხვედრა და ეს ბოლო პერიოდშიც ამას მოწმობს, რომ ვხვდები ყველას და არამხოლოდ მათ, ვისთანაც ეს ბრძოლები მაქვს გავლილი და ასეც გავაგრძელებ.

ახლა მინდა დავუბრუნდე იმას, რისი თქმაც მინდოდა და ვერ დავასრულე ჩემი სათქმელი და მინდა, თქვენი მეშვეობით გავაგრძელო ეს სათქმელი და ამისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

პირველ რიგში, ვიტყვი: ვიცი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანების მიერ ორგანიზებული, მაგრამ ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად იყვნენ 2007 წელს, (2007 წელს ვამბობ), რადგან ეს არის ის პერიოდი, როცა უკვე ყველაფერი მომხდარი და ყველაფერი ნათელი იყო.

ეს ადამიანები, რომლებიც დღეს კარიერით, თუ სხვადასხვა ფორმით მემუქრებიან და თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ მაშინ არსად არ იყვნენ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.

მე მაინტერესებს ეს ადამიანები სად იყვნენ 2007 წლის შემდეგ. მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს; მეორე იყო ,,ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და აღარ მინდა ახლა პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და ახლა რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დადიან იქით-აქეთ.

ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისიპირებულები არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალა, არამედ განაწესა ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.

ვის აწყობს ეს? რატომ არ ვკითხულობთ ამას?! სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, (როცა ვამბობ მოვარდნას - აქციაზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან, მოდიოდნენ და იმედი მაქვს აქ კიდევ მოვლენ.

რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ - ჩამობრანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ.

ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით: აბა, თუ ვაჟკაცი ხარ-ჩამოდი; ხომ არ ხარ ლაჩარი- ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ. იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია და მანამდეც, ამაში ვცხოვრობდით; ერთი წლის მერე, ჩვენ სრულიად გაჩერებული ვართ მიშას ირგვლივ, კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს, რადგან ამით პასუხი აღარ აქვს გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და არ ვიცი, ამაში მე რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე (და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე) ის ზეწოლა, რაც ხდება დღეს. ეს ბულინგი, (სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავროები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ), პირდაპირი შანტაჟი, მუქარა, დამცირება; აგერ, ჩემს კართან ,,რუსული სოფელია“ და რას ნიშნავს ეს? არცერთ ქვეყანაში, სხვაგან, პრეზიდენტის სასახლის წინ, ასეთი სოფელი, მით უფრო, ამ დაძაბულ პერიოდში არ იქნებოდა გამართული, მაგრამ ამის შესახებ სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა.

მერე მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს, ამ ქვეყანაში ისიც ეცოდინება, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის, ვერავინ ხედავს რომ ეს ჩვენს საზოგადოებას უნდა და ჩვენი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად ამას მიიღებს - აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, ყველას ზეწოლისა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობების მიუხედავად", - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები