მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისმა" გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

61dd41815248f
შოთა ტყეშელაშვილი
11.01.22 12:40
3499
"ჯორჯიან ეარვეისში" 2021 წლის 31 დეკემბერს გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, შესაბამისი განაცხადი ქართულმა ავიაკომპანიამ გასული წლის ბოლო დღეს დაარეგისტრირა. განაცხადს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის განჩინება. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიას სხვადასხვა მხარის მიმართ 175 მილიონი ლარზე მეტი დავალიანება აქვს, ხოლო მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლიანა კაჟაშვილის მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს მიღებული განჩინებიდან ირკვევა, რომ COVID-19-მა და საზღვრების ჩაკეტვამ ავიაკომპანია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. შედეგად, "ჯორჯიან ეარვეისს" ვალდებულებების მომსახურება აღარ შეუძლია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტს აქვს გეგმა თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით, ამისთვის კი კომპანია მომგებიანი მიმართულებებით ფრენების გაგრძელებას გეგმავს, შესაბამისად რეაბილიტაციის პროცესი კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შეჩერებას არ გამოიწვევს. განჩინებიდან ირკვევა, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" შემდეგი ქალაქების მიმართულებებით გააგრძელებს ფრენებს - ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი, ასევე სეზონური რეისები სხვა ქალაქებში და ჩარტერები.

რა წერია “ჯორჯიან ეარვეისის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების განჩინებაში:

“გადახდისუუნარობის თაობაზე განაცხადის წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21,378,262 ლარს. ამავდროულად კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175,854,075 ლარს. მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა.

შპს “ჯორჯიან ეარვეისს” აქვს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16,168 მგზავრის წინაშე, რაც დასტურდება განაცხადზე დართული უწყისით.

განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა, რაც დაეფუძნება მოვალის საქმიანობის ისტორიული მაჩვენებლის გადამუშავებას და ანალიზს. რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც არსებული პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს. მოვალის ძირითადი, მთელი წლის განმავლობაში მოგების მომტანი და ყველაზე უფრო სტაბილური მიმართულებებია: ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი. გამოთვლები მეტი სიზუსტისთვის სწორედ ამ ყველაზე სტაბილური რეისების მაჩვენებლებს დაეყრდნობა. ეს ოთხი რეისი საშუალოდ ყოველ წელიწადში 7,319,472 აშშ დოლარის ოპერატიულ მოგებას მოიტანს, დამატებით მოვალე შეასრულებს სეზონურ რეისებს რომლებსაც ისტორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ყოველწლიური ოპერატიული მოგების 1,235,880 აშშ დოლარის მოტანა შეუძლია. ამ ოპერატიული მოგებიდან შესაძლებელი იქნება კრედიტორების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოვალის ეკონომიკური გადარჩენის პარალელურად,” - ნათქვამია დოკუმენტში.

პარალელურად, განჩინებით განსაზღვრულია იმ კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებსაც ევალებათ “ჯორჯიან ეარვეისს” მიაწოდონ სერვისები, იმის მიუხედავად, რომ მათ მიმართ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი ვალები აქვს. მათ შორისაა UK Aircraft Limited-ი, რომლისგანაც “ჯორჯიან ეარვეისმა” 2016 წლის 5 ივლისს ბოინგ 737-ის მარკის თვითმფრინავის ლიზინგის ხელშეკრულება გააფორმა. ასევე კომპანია გააგრძელებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საწვავის მიღებას, ანალოგიური ვალდებულება დაეკისრა Shell Nederland-საც, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში საწვავის ოპერატორია. მომსახურების მიწოდების გაგრძელება დაევალა შპს “ტავ ურბან ჯორჯიას”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” მინსკის და ამსტერდამის აეროპორტებს და სხვა კომპანიებს.

“ჯორჯიან ეარვეისის” 80%-იანი წილი ეკუთვნის ბიზნესმენ დავით გაიაშვილს, 20%-იანი წილი კი შპს "ჯორჯიან ეარ სერვისს", რომლის 90%-იანი წილიც ეთერ გაიაშვილს, 10%-იანი წილი კი სოფიო გვენცაძეს ეკუთვნის. ავიაკომპანიის დირექტორია დავით გაიაშვილი, ხოლო სასამართლოს განჩინებით, გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის პროცესს ნატო პაპიაშვილი ზედამხედველობს.

ავიაკომპანია კრიზისამდე 275 ადამიანს ასაქმებდა.

აღსანიშნია, რომ ამ თემაზე BM.ge კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირების ბოლო რამდენიმე კვირაა ცდილობს, მაგრამ - უშედეგოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები