მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საგადასახადო ცვლილებას ითხოვს ფერმერი - ბექა გონაშვილის მიმართვა მთავრობას

5fe0b09b5dd0b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 23:00
3805
კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებლის და ფერმერის ბექა გონაშვილის განცხადებით, დღეს სოფლის მეურნეობაში აქილევსის ქუსლად არასწორი აღრიცხვიანობა გვევლინება. ამის შესახებ მან პარლამენტში 5 დარგობრივი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

ბექა გონაშვილმა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს მიმართა და სთხოვა საგადასახადო ნაწილში არსებული შეზღუდვები დროებით გაეუქმებინა.

„ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო - დღევანდელი სოფლის მეურნეობის აქილევსის ქუსლი არასწორი აღრიცხვა და მისი არარსებობაა. დღეს თეთრი ბუღალტერიის წარმოება საქართველოში სოფლის მეურნეობაში უფრო მომგებიანია, ვიდრე ეს იყო ოდესმე. ნოდარ ხადურის ინიციატივით, რადენიმე წლის წინ ფერმერებს მიღებული დღგ-ის ჩათვლა შეუძლიათ და დღეს თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმების საშუალებით, შემიძლია განცხადება დავწერო და დღგ დავიბრუნო, მაგრამ აქ მეორე საკითხია - 2018 წლამდე საქართველოში პირველადი მწარმოებელი გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისგან იმ შემთხვევაში, თუ მას ბრუნვა 200 000 ლარამდე ჰქონდა“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა დარგობრივი კომიტეტეტბის გაერთიანებულ სხდომაზე.

BM.GE ფერმერს საკითხის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, რა დროსაც ბექა გონაშვილმა პრობლემის არსი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ახსნა: „2018 წელს ცვლილების შეტანის შემდეგ, გაკეთდა ჩანაწერი, რომელიც საშემოსავლო გადასახადისგან მხოლოდ იმ "ფიზიკურ პირებს" ათავისუფლებდა, რომელთა ბრუნვა 200 000 ლარს არ აღემატებოდა, რამაც ფიზიკურ პირებს შავი ბიზნესის წარმოებისკენ უბიძგათ. მაგალითად, თუ ისინი აწარმოებენ 1 000 ტონა ხორბალს, მთლიან მოცულობას რამდენიმე ფიზიკურ პირზე გაყოფენ და ისე გაყიდიან, რათა ბრუნვა 200 000 ლარს არ აღემატებოდეს და საშემოსავლო ნაწილში ჰქონდეთ შეღავათები“.

კომპანია „აგროქიყიზის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მართებული იქნება თუ ეს მიდგომა შეიცვლება, რათა აგრო-ბიზნესის წარმოება უფრო საჯარო და ღია გახდეს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში მონაცემთა აღრიცხვიანობას შეუწყობს ხელს.

„მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი თუ ამას ასე დავტოვებთ და ვფიქრობ, შეცვლა უკეთესი იქნება, რათა მეტ ადამიანს და ბიზნესს მივცეთ ბიზნესის გათეთრების საშუალება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი სურვილი, ეს ქვეყნისთვის არის საინტერესო იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული მონაცემებიც კი არ არის სწორი. ეს ობიექტური რეალობააა და ხშირად მათ თავისი არხებით უწევთ გადამოწმება - ვინ რამდენი ვაშლი აიღო.

ასეთ დონეზე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მართვის პოლიტიკა ვერ შეიქმნება. სტატისტიკა და მონაცემები უნდა იყოს რეალური. თუ ჩვენ ამ ადამიანენს მივცემთ საშუალებას, რომ მათ გაათეთრონ და გაასაჯაროონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბენეფიტი მიიღეს და დღგ დაიბრუნეს, ასეთი ბარიერები პირობითად 10 წლით უნდა მოიხსნას, ეს მეტად გაასაჯაროებს ბევრ ბიზნეს და სახელმწიფოს უტყუარ მონაცემებს მიაწვდის, რომლის მიხედვით დეპუტატები და უწყებები სოფლის მეურნეობისთვის საჭირო პოლიტიკას უფრო სწორად დაგეგმავთ“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ფერმერმა რეგიონებში პროექტების მუნიციპალიტეტების მიხედვით არათანაბარ განხორციელებაზეც ისაუბრა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს უთხრა, რომ ეს არასწორი მიდგომაა.

„ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში ვრცელდება, ვფიქრობ, ყველა რეგიონზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. მაგალითად, დედოფლისწყაროში ხორციელდებოდა რაღაც პროექტი და სიღნაღში - არა. ასევე, მინდა, ფინანსთა მინისტრს ვთხოვო - არ მიმაჩნია სწორად ის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც სახნავ-სათეს მიწებთან დაკავშირებით გვაქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ მიწის გადასახადის დადგენა უნდა ხდებოდეს იმ მიწების და რესურსების შესაბამისად, რომელიც მიწას აქვს. არ შეიძლება უბრალოდ მუნიციპალიტეტებს შორის იყოს სხვაობა, ამაში არანაირი ლოგიკა არ არის“, - განაცხადა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები