მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვთ სმარტფონებით და ტექნიკით მოვაჭრე კომპანიებს?

6006b5b088998
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.21 14:54
5088
საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით, $250 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროტექნიკას ყიდულობს. საქსტატის სტატისტიკის თანახმად, ტექნიკის იმპორტის ღირებულების უდიდესი ნაწილი - $158 სმარტფონების შესყიდვაზე მოდის. საქსტატის თანახმად, მხოლოდ 2019 წელს 1.2 მლნ მობილურის იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად, ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების გაყიდვებშიც პირველ ადგილზე სმარტფონებია. საქართველოში ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა საკუთარი წლიური ანგარიშგებები უკვე გაასაჯაროვეს. მათი მიხედვით, სექტორის უმსხვილესი მოთამაშე “ალტაა”, რომლის ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს 249 მილიონი ლარი იყო.

IT და ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანიების რეიტინგი:

1) ალტა და მისი შვილობილი კომპანიები:

● შემოსავალი 2019 წელს - 249 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 6.2 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 109 მილიონი ლარი.

“ალტა” ტექნიკის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, ის 2019 წლის მდგომარეობით 12 მაღაზიას აერთიანებს. “ალტა” ასევე ფლობს 50%-იან წილს კომპანია “მეტრომარტში”, რომელიც თავისმხრივ 6 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი IT ტექნიკით, მათ შორის სმარტფონებით ვაჭრობაზე მოდის. 2019-ში კომპანიის შემოსავლები 25 მილიონით გაიზარდა.

2) “ელიტ ელექტრონიქსი”:

● კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს - 177.2 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 1.3 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 96 მილიონი ლარი.

კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელი ქვეყანაში მოქმედ 17 მაღაზიას, ასევე 5 ფრანჩაიზული მაღაზიას აერთიანებს. კომპანიის კონსოლიდირებული ამონაგები 2019 წელს 3 მილიონი ლარით შემცირდა.

3) “ზუმერი ჯორჯია”

● კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს - 168 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 1.16 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 20.6 მილიონი ლარი.

“ზუმერი ჯორჯია” ძირითადად სმარტფონებისა და IT ტექნიკის გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია ფლობს 16 ფილიალს და 2 საბითუმო პროფილის მაღაზიას. კომპანიის გაყიდვები სექტორში ყველაზე მეტად, 67 მილიონი ლარით გაიზარდა.

4) “მეგატექნიკა”

● შემოსავალი 2019 წელს - 55.5 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 4.5 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 36.9 მილიონი ლარი.

ანგარიშის თანახმად,“მეგატექნიკა” ქვეყნის მასშტაბით 10 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის გაყიდვები 3 მილიონი ლარით გაიზარდა.

5) “მეტრომარტი”

● შემოსავალი 2019 წელს - 44.7 მილიონი ლარი;
● სრული ზარალი 2019 წელს - 2.45 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 16.7 მილიონი ლარი.

2019 წლის ანგარიშის თანახმად, “მეტრომარტის” ქსელი ქვეყნის მასშტაბით 6 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის გაყიდვები 4 მილიონი ლარით გაიზარდა.

6) “აი პლიუსი”

● შემოსავალი 2019 წელს - 43.5 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 0.5 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 7.5 მილიონი ლარი.

“აი პლიუსი” ძირითადად სმარტფონებისა და IT ტექნიკის გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 8 ფილიალით არის წარმოდგენილი. 2019 წელს კომპანიის გაყიდვები 9.9 მილიონი ლარით გაიზარდა.

7) Beko “ტექნოჰაუს”

● შემოსავალი 2019 წელს - 37 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 2.66 მილიონი ლარი;
● აქტივების მოცულობა 2019 წელს - 22.9 მილიონი ლარი.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 2019 წელს 4 მილიონი ლარით შემცირდა.

სტატიაში შედიან ის კომპანიები, რომელთაც 2019 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვთ. ამასთანავე, IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაჭრობით ისეთი ბრენდებიც არიან დაკავებული, როგორიცაა “კარფური” და “გორგია”, თუმცა მათ ანგარიშგებებში ეს მიმართულებები განცალკევებული სახით წარმოდგენილი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები