მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაიხარჯება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი? - დავითაშვილის პასუხი

60e2d4752a2c9
ინგა მურუსიძე
05.07.21 14:10
588
2021 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შევა, რის შედეგადაც მთავრობის მთლიანი ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით გაიზრდება. მათ შორის 177 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. Bm.ge დღეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან დაინტერესდა, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი:

„მიმდინარე პროექტებში აქტივობა იმდენად არის გაზრდილი, რომ დამატებითი საბიუჯეტო რესურსების მობილიზება გახდა აუცილებელი. ბევრი წელი დასჭირდა, რომ ეს პროექტები ისეთი პოპულარული გამხდარიყო, როგორიც წელს არის. თავის დროზე ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო ადეკვატური პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, რომ სოფლის მეურნეობის კონკრეტული რგოლები განვითარებულიყო ჯაჭვში. შესაბამისად, პოლიტიკაში დიდი კორექტივები ჩვენ არ გვქონია.

დავინახეთ, რომ პროექტებში, როგორიც არის „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი მეურნეობების თანადაფინანსება, იმდენად არის გაზრდილი მოთხოვნა, რომ დაკონტრაქტდა უფრო მეტი სამაცივრე მეურნეობა, ვიდრე მთელი პროექტის წინა პერიოდში. მრავალწლიანი ბაღების გაშენების კომპონენტშიც, უფრო მეტი ბაღის გაშენება ხდება, ვიდრე რომელიმე სხვა წინა წელს. ეს დამაიმედებელი ტემპია და ამას ემატება ბევრი სხვა მიმართულებაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მიმართული იქნება შემნახველ მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, სამაცივრე მეურნეობებში და პროექტში „დანერგე მომავალი“.

„ვიწყებთ ასევე რესურსის მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების კუთხით. ვაგრძელებთ დაფინანსებსა საგრანტო კუთხით. საგრანტო დაფინანსება დაფარავს 100 ცხენის ძალამდე ტექნიკის თანადაფინანსებას“, - თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები