მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციის ფარგლებში სადგური ორი თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში დროებით უნდა დაკეტილიყო. თუმცა, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში დღეს აცხადებენ, სადგურის დაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას და მისი რეაბილიტაცია ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
მათი განმარტებით, საკითხზე კონტრაქტორ კომპანია “ბადა ქონსთრაქშენთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მეტროსადგურის დროებით დახურვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნა მოხდება.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა. 13.4 მილიონიანი კონტრაქტი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “ბადა ქონსთრაქშენს” გაუფორმა. აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი გამარტივებული კონტრაქტით ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციას ახორციელებს.
შეგახსენებთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა.
2022 წელს მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა ადგილზე კონტრაქტორმა სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლო, შესაბამისად, თბილისის მერიამ “მამისონთან” ხელშეკრულება გაწყვიტა.