“საქართველოს ბანკი” 200 მილიონი ლარის ოდენობის სესხებს „გაანულებს“.
ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ განაცხადა.
როგორც კიკნაველიძე აცხადებს, ამ დროისთვის იმ პირთა სიები უკვე დაზუსტებულია, რომლებიც აღნიშნულ ტრანზაქციაში მონაწილეობას მიიღებენ.
ამასთან, მისივე თქმით, სესხების ჯამური ძირი თანხა 200 მილიონი ლარია.
კიკნაველიძე იმასაც ამბობს, რომ ეს პროცესები წლის ბოლომდე დასრულდება.
“ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ორივე მხარე აქტიურადაა ჩართული. ჩვენ უკვე გვაქვს სრული სიები ჩვენს მხარეს; როგორც იცით, ჩვენს მხარეს ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ არ გვქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიები, რომლებიც უკვე გადმოგვეცა და ვფიქრობთ, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს ტრანზაქცია და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება. ამ ტრანზაქციის დეტალებზე დღესაც არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვთქვით, ჩვენი მხრიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარზე არის ლაპარაკი“, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.
შეგახსენებთ: ე.წ. 'სესხების განულების" აქცია მთავრობის ინიციატივით და "ქართუ ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება.