მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვა - გაზრდილი დანახარჯები და საბიუჯეტო რისკები

5de8d7dce3b9d
ეგნატე შამუგია
05.12.19 22:00
5475
ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ხარჯების გარშემო საუბარი აქტუალურია, რაც მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვაში ტარიფებთან დაკავშირებულმა ცვლილებამ გამოიწვია. კერძოდ, მთავრობამ საბიუჯეტო პროგრამის - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ფარგლებში პროვაიდერების (კლინიკების) მიერ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების გარკვეულ ნაწილზე საერთო ფასები დაადგინა. შესაბამისად, ფიქსირებული ტარიფები არა მთლიანად ბაზრის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მომსახურების გარკვეულ ნაწილში ტარიფების გათანაბრება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა მთლიანი ჯანდაცვის ხარჯების ტენდენციისა და მათ შორის, საბიუჯეტო დანახარჯების მიმოხილვა.

საქართველოში ჯანდაცვის მთლიან ხარჯების მაჩვენებელი გამოკვეთილი ცვალებადობით გამოირჩევა. 2013 წლამდე აღნიშნული ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა ამ წლის შემდეგ, ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, საჯარო დანახარჯების ზრდას უკავშირდება. თავის მხრივ, ჯანდაცვის ხარჯების მზარდი ტენდენცია არამარტო საქართველოს შემთხვევაშია, არამედ გლობალურად, განვითარებადი თუ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ბოლო წლების ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. აღნიშნულის ფაქტორები უშუალოდ ჯანდაცვის მომსახურების - მკურნალობის მეთოდების განვითარებაშია, სადაც სერვისის გაუმჯობესება უფრო მეტად მაღალტექნოლოგიური საშუალებების დანერგვას უკავშირდება. ეს კი - უფრო ძვირადღირებულია. აღნიშნული კი ჯანდაცვის დანახარჯებზე აისახება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შემოსავლების ზრდასთანაა დაკავშირებული. ეს ორი კი ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას იწვევს.

ჯანდაცვის მთლიანი ხარჯები

2017 წელს ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების წილი მშპ-ს 7.6% შეადგინა, რაც 2013 წელს 7.3% იყო. 2013 წლიდან ჯანდაცვის საჯარო ხარჯების ზრდა დაიწყო, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება. ამ წლის შემდეგ, აღნიშნულმა პროგრამამ მთლიან დანახარჯებზეც გავლენა იქონია, რამაც ჯამში ამ სექტორის ხარჯების ზრდა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან არამარტო ჯანმრთელობის დაცვის, არამედ სოციალური დაცვის ხარჯებიც იზრდება, რომლის ნაწილი ჯანდაცვის სერვისით სარგებლობის მიღების ხარჯებშიც აისახება, ვინაიდან სოციალური დაცვა ინდივიდუალური ტრანსფერებია, რომლის მიმღებთა დიდი ნაწილი იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ჯანდაცვის სერვისების უფრო ინტენსიურად საჭიროება აქვთ. მაგალითად, ასაკოვანი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ. თავის მხრივ, ბიუჯეტის ჯანმრთელობის დაცვის ასიგნებებიც სოციალური ტრანსფერების ნაწილია. ამდენად, ბიუჯეტის ხარჯების განაწილებაში 1/3-ზე მეტი სოციალური ტრანსფერებს უჭირავს, სადაც ჯანდაცვის წილი 10%-ს შეადგენს, რომლის 92.3% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. დანარჩენი კი - სუბნაციონალური ბიუჯეტის ხარჯებია.



სახელმწიფო ბიუჯეტის ჯანმრთელობის ხარჯების 65.9% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ასიგნებაა. მთავრობა ჯანდაცვის საჯარო ხარჯების დაფარვას სწორედ ამ პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთწლიან პერიოდში ჯანდაცვის დანახარჯების ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ადრეულ წლებში, რაც საჯარო დანახარჯების ზრდაშიც აისახა. ეს უკანასკნელი ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა. კონკრეტულად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში (OECD) ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპი 2008-2013 წლებში საშუალოდ 1.0% იყო, რაც 2013-2018 წლებში საშუალოდ 2.4%-ია.



ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ აშშ-ს შემთხვევა, სადაც 2008-2013 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 1.5%-ს შეადგენდა, რაც ბოლო ხუთწლიან პერიოდში 2.6%-ია, სადაც სამთავრობო/სავალდებულო ფონდებიდან დანახარჯების წილი 84.5%-ს შეადგენს. შესაბამისად, აშშ-ში მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით გაიზარდა. კონკრეტულად, 2009 წლიდან აღნიშნული მაჩვენებელი გამოკვეთილად იზრდება, რამაც 2016 წელს მშპ-ს 17.7% შეადგინა. ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტენდენციაა ევროპის ქვეყნებშიც. საქართველოსთან შესადარისობის თვალსაზრისითაც, აღსანიშნავია ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. კონკრეტულად, ესტონეთში 2008-2013 წლებში ზრდის ტემპმა 1.0% შეადგინა, რაც ბოლო ხუთწლიან პერიოდში 5.2%-ია. ლიეტუვაში კი - 2008-2013 ნულოვანი მაჩვენებელი, 2013-2018 წლებში 6.7%-იანი ნიშნულს იკავებს, ხოლო ლატვიაში 2008-2013 წლებში 0.8%-იანი არსებული კლება 2013-2018 წლებში 6.2%-იანი ზრდით შეიცვალა.

ჯანდაცვის მთლიან ხარჯების ზრდასთან ერთად იზრდება საჯარო ხარჯებიც. მაგალითად, 2010 წელს OECD-ს საშუალო მაჩვენებელი მშპ-ს 5.8%-ს შეადგენდა, რასაც ყოველწლიური ზრდის ტენდენცია გააჩნია და 2018 წლის მდგომარეობით მშპ-ს 6.3%-ია.

საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს დაინერგა. ამ პერიოდიდან პროგრამის ხარჯები იზრდება. თუმცა 2017 წელს აღნიშნული პროგრამის ასიგნებები ოდნავ შემცირდა, რომლის მიზეზი „საყოველთაოდან“ „მიზნობრივზე“ გადასვლა იყო. კონკრეტულად, 2017 წლის მაისიდან ბენეფიციართა სოციალური სტატუსის მიხედვით, ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. მთავრობის ამ ნაბიჯმა ჯანდაცვის საჯარო დანახარჯები მხოლოდ ამ წელს შეამცირა, რაც შემდეგ პერიოდში მანამდე არსებულ ნიშნულსაც გასცდა. 2017 წელს შედარებით მიზნობრივ სისტემაზე გადასვლის მიზეზი პროგრამის დანახარჯების ზრდისკენ მიდრეკილება და ფისკალური რისკები - პროგრამის ყოველწლიური დეფიციტი იყო. როგორც ჩანს, 2017 წელს გატარებული ღონისძიებები დანახარჯების მკვეთრი ზრდის დამთრგუნველი არ აღმოჩნდა, რომლის მიზეზები უშუალოდ ჯანდაცვის დანახარჯების თავისებურებებშია. კერძო, ჯანდაცვის დანახარჯების გლობალური ტრენდი ზრდით ხასიათდება და შესაბამისად, არც საქართველოა გამონაკლისი. განსაკუთრებით ზრდა (პოლიტიკის უცვლელად დატოვების შემთხვევაში) დანახარჯების საჯარო წყაროებიდან დაფინანსების ნაწილშია შესამჩნევი.



მიმდინარე წლისთვის მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ასიგნება, წინა წელთან შედარებით, ნაკლები მაჩვენებლით იყო დაგეგმილი, რაც 2020 წლისთვისაც შემცირებული მოცულობით იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმვის ეტაპზე მიმდინარე წლის დაფინანსება შემცირებული იყო, განსხვავებული ფაქტია მოსალოდნელი, რადგან 11 თვის მაჩვენებლით მთლიანი ასიგნების 98.8% ათვისებულია და ფისკალური წლის ბოლო თვისთვის სულ 8.9 მლნ ლარია დარჩენილი. თანაბარი ხარჯვის პირობებში პროგრამის დარჩენილი ასიგნების მოცულობა 62.8 მლნ ლარი უნდა იყოს. წინა წლებისა და მიმდინარე პერიოდის გათვალისწინებით, status quo-ს შენარჩუნების პირობებში მომდევნო წელსაც ანალოგიური პრობლემის დადგომა გარდაუვალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანახარჯების ზრდა „ზედმეტ“ ან განსხვავებულ ფასებს შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს. მაგალითად, დანახარჯების ზრდის მიზეზი შეიძლება სტაციონარული მკურნალობის ხანგრძლივობის ნაწილში იყოს. ეს საკითხი არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვისაა დამახასიათებელი და ბევრი ამ სფეროს მკვლევარის ინტერესს წარმოადგენს. აღნიშნული ძირითადად ინფორმაციის ასიმეტრიულობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საქართველოში დღეს არსებული დაფინანსების სისტემის პირობებში, ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას. მთავრობის მიერ დაფინანსების ფარგლებში ხელოვნურად გახანგრძლივებული სტაციონარული მკურნალობის ეფექტური კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო უშუალოდ პაციენტის მხრიდან ამის ინტერესი ნაკლებია. პაციენტის მხრიდან დაბალი ინტერესი მომსახურების არა უშუალოდ მის მიერ, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაშია.


საქართველოში მთლიანი ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მეტი, დაახლოებით 1/3 ნაწილი სტაციონარულ მომსახურებაში იხარჯება, ხოლო მთლიანი ხარჯების 1/5 - ამბულატორიულ სერვისში. სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ ამ ტიპის სერვისების დაფინანსებას ახორციელებს. ცალკე აღებულ სტაციონარულ მომსახურების დანახარჯების დაფინანსებაში ბიუჯეტის წვლილი 67.3%-ია, ხოლო დანარჩენი 32.7% კი - კერძო სექტორს უჭირავს. რაც შეეხება ამბულატორიული მომსახურების დანახარჯების დაფინანსების განაწილებას, ამ შემთხვევაში უფრო მეტი წილი, 57.3% კერძო სექტორს გააჩნია, დანარჩენი 42.7% კი - საჯარო სექტორს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში სტაციონარული მომსახურების დანახარჯები სწრაფი ტემპით გაიზარდა, მაგრამ 2017 წელს აღნიშნული სერვისის ხარჯები შემცირდა, რაც დიდწილად 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს შეიძლება დავუკავშიროთ. საერთო ჯამში, ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ იმ სექტორებში, სადაც საჯარო დაფინანსება ხორციელდება - სტაციონარული და ამბულატორიული, მათი წილი მთლიან ხარჯებში ზრდის გამოკვეთილი ტენდენციით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა პროგრამის ხარჯების ზრდა სტაციონარული მკურნალობის ხანგრძლივობას უკავშირდებოდეს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის დანახარჯების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი, ვინაიდან მთავრობის მიერ ტარიფების დადგენა კლინიკებს პაციენტის სტაციონარში უფრო დიდხანს დატოვებისკენ უბიძგებს. მით უმეტეს, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი დაბალია და შესაბამისად, პაციენტის სტაციონარული მკურნალობის ყოველ დამატებითი დღე უფრო ნაკლებ ზღვრულ დანახარჯს უკავშირდება.

ჯანდაცვის კერძო ხარჯები

როგორც აღვნიშნეთ, მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების დაფინანსების წყარო კერძო და საჯარო სექტორია. 2017 წლის მონაცემებით, მთლიან დანახარჯებში კერძო სექტორის წილი 61.0%-ია, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, ხოლო საჯარო სექტორის წილი გაზრდილია.

2009 წლიდან ჯანდაცვის კერძო დანახარჯების მშპ-სთან მიმართებით გამოკვეთილი კლების ტენდენცია ახასიათებს, რაც 2017 წლის მდგომარეობით 4.6%-მდეა შემცირებული. ბოლო წლების კლება განსაკუთრებით 2015-2017 წლებს უკავშირდება მაშინ, როცა საჯარო დანახარჯების ფარდობითი მაჩვენებელი გამოკვეთილად იზრდებოდა.



თავის მხრივ, კერძო დანახარჯების დაფინანსების სამი წყაროა - კერძო სადაზღვევო პოლისი, ჯანდაცვის სერვისის მომხმარებლის ჯიბიდან გადახდილი თანხა და სხვა არასაჯარო წყაროები. ბოლო წლებში კერძო დანახარჯებში სადაზღვევოს მიერ დაფინანსებული ხარჯების წილი საშუალოდ 10.2%-ია. აღსანიშნავია, რომ მაღალი წილი უჭირავს კერძო დანახარჯების დაფარვაში ჯიბიდან დაფინანსებას. აღნიშნული ძირითადად მედიკამენტებს უკავშირდება, რადგან ამ სახის სამედიცინო საქონლის დაფინანსებას საჯარო და კერძო დაზღვევა ნაკლებად უზრუნველყოფს.

შეჯამება

ჯანდაცვის დანახარჯებს გლობალურად ზრდის ტენდენცია ახასიათებს. ქვეყნის ეკონომიკა რაც უფრო მეტად ვითარდება, მით უფრო მეტად იზრდება ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული ხარჯები. ამასთანავე, მთლიანი დანახარჯებში საბიუჯეტო წყაროებიდან დაფინანსებას ზრდისკენ მიდრეკილება გააჩნია, რაც გაზრდილ ფისკალურ რისკებში აისახება. შესაბამისად, თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობის წინაშე ჯანდაცვის საჯარო დანახარჯების ზრდის ტემპის შენელების ამოცანა დგას. ცხადია, ეს არც თუ ისე მარტივია, ვინაიდან ისეთი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ხარჯების შემცირებას და მეორე მხრივ, გააუმჯობესებს ჯანდაცვის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. არც საქართველოა გამონაკლისი და მსგავსი პრობლემები საქართველოს ჯანდაცვის სისტემასაც გააჩნია. ეს კი, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის თავისებურებაზე მიუთითებს და არა, ცალკეული ქვეყნების პრობლემაზე. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში უფრო მეტი გამოწვევებია. აღნიშნული კი, ერთი მხრივ, ხარჯების მაღალი ზრდის ტემპს და მეორე მხრივ, სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობასა და ხარისხს უკავშირდება.

მთავრობის მიერ რეფორმის დაწყება და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები, მისი წინამორბედის შექმნილ სისტემაში არსებული მწვავე პრობლემების აღიარებაა, რომლის მოგვარების არასწორი გზებია არჩეული, ხოლო კლინიკების მენეჯმენტის ხმაური კი ბიუჯეტიდან მისაღები მოგების შემცირებაზე დარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები