სკოლებში სამაგიდო თამაშებით სწავლა იწყება. 3 სახეობის თამაში უკვე შეტანილია და მასწავლებლები მას დამხმარე რესურსად გამოიყენებენ. პროექტი, „ისწავლე მეტი ხალისით" განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით დაინერგა. სპეციალურად ამ პროექტისთვის კი სამინისტრომ ბიუჯეტიდან 90 ათასამდე ლარი გამოყო და სამ-ლოტიანი ტენდერით სამი სახის აზარტული თამაში შეიძინა.
რაც შეეხება ტენდერის მიმდინარეობას, პირველი თამაში, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა შპს თამაშობანას სამაგიდო თამაში აფორიზმობანაა.
მეორე გამარჯვებული თამაშის ავტორი ინდმეწარმე კონსტანტინე დარძულიძეა. მისი შეთავაზების თანახმად, სკოლებს „ზოო ტრივიას“ მოდელის 2 ათასი სამაგიდო თამაში დაურიგდებათ. კოლოფში მოთავსებულია A3 ფორმატის „რუქა“, რომელზეც ოთხ ზონად არის განთავსებული მინიშნებები, და ბანქოს კარტის ფორმის 40 ბარათი, ცხოველების, ფრინველების, მწერებისა და თევზების გამოსახულებებით.
მესამე ტენდერის გამარჯვებული კი, სამაგიდო ლინგვისტური თამაშია, მე -2 დან -VI კლასამდე გათვლილი. თამაში არის აზარტული და საინტერესო და ხელს უწყობს ზოგადი წიგნიერებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. თამაშის პრინციპი არის სიტყვების შედგენა კროსვორდისებურად.








