ქონების გადასახადს იხდიან ოჯახები, რომელთა შემოსავალიც აღემატება 40 000 ლარს. საუბარია არა დარიცხულ თანხაზე, არამედ თანხაზე, რომელსაც მერე გადასახადები უნდა გამოაკლდეს, ან თუნდაც დაზღვევა, თუკი სამსახური გაზღვევთ. მოკლედ, თუ თქვენს ოჯახს თვეში სახლში მინიმუმ 2,666 ლარი და თუნდაც 70 თეთრი შემოგაქვთ, თქვენ იხდით ქონების გადასახადს, ქონების საფასურის 0.2%ს. გადასახადი იზრდება თუ ოჯახი წელიწადში 100,000ზე მეტს, ანუ იგივე პრინციპით თვეში რეალურ 6,666 ლარზე და 66 თეთრზე თუნდაც 40 თეთრით მეტს გამოიმუშავებს.
გამოდის შავი იუმორი. მაგალითად თუ ჩემი ხელფასია სიტყვაზე 5,340 ლარი და ხალასწიაკურად ვცხოვრობ კუთვნილ ერთოთახიანში, ხოლო ჩემს მეზობელს იპოთეკით აქვს გამოტანილი ოროთახიანი სახლი, სადაც ცხოვრობს ის, მისი ცოლი, ორი მოხუცი მშობელი, მათი სარჩენი 5 შვილი, საიდანაც ორი უკვე სამუშაო ასაკშია და მშობლებს ფინანსურად ეხმარება და 3 ოთახში შეყუჟულ ამ 9 სულს, ყველას ერთად, ჯამში უკოწიწდებათ 2,670 ლარი, ანუ ორჯერ ნაკლები, ვიდრე მე, სახლმწიფო თვლის, რომ მეზობელმა ჩემზე მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ჩემზე შეძლებულია.
შეძლებულს იმიტომ ვამბობ, რომ ქონების გადასახადი შეძლებულთა გადასახადია, მას მხოლოდ ქვეყნის უმდიდრესი 3% იხდის შემოსავლების სამსახურის ბოლო ცნობით. დანარჩენი 40,000 ლარს ქვეშაა. ანუ მთელ საქართველოში სულ 33,403 ოჯახზეა საუბარი.
აი ნაკლებად ტრაგიკული, მაგრამ საკმაოდ უსამართლო მაგალითიც. თუ მაგალითად მე მაქვს სახლი და ჩემი ხელფასია 1500 ლარი, და ეს ხელფასი არ მეცვლება წლობით, სახელმწიფოს თვალში მე შეიძლება მაინც გავხდე საკმარისად მდიდარი ქონების გადასახადისთვის თუ არ გამიმართლა და შემიყვარდა ქალი, რომლის ხელფასიც 1,166 ლარს თუნდაც ლარით აჭარბებს.
და ყველაზე სასაცილო ნაწილი. თუ მაგალითად მე მაქვს ხელფასი 1500 ლარი და სახლი და ღმერთმა არ ქნას, დავქორწინდი ქალზე, რომლის ხელფასიც 5000 ლარია, გადასახადი ჩემთვის უეცრად ოთხმაგდება და 1,500 ლარიანი მე იმავე პრინციპით ვიბეგრები, როგორითაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
შოთა დიღმელაშვილი