Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი საკმარისი არაა“ - თათია როხვაძე ქალების ნარატივში

BM.GE
07.04.21 12:11
352

“პირის ღრუს ჯანმრთელობა ორგანიზმის ჯანმრთელობასთან პირდაპირაა დაკავშირებული" - საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი თათია როხვაძე „ქალების ნარატივში“ 

 

-შემცირდა თუ არა სტომატოლოგებთან ვიზიტი პანდემიის ფონზე?

-ბოლო პერიოდში, პანდემიის ფონზე, ნამდვილად შემცირებულია მომართვიანობა, გადაიგეგმა გეგმიური ვიზიტებიც. ეს აისახება ადამიანების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. გეგმიური ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ მოწმდება, თუ რამდენად იცავენ სტომატოლოგიური კლინიკები რეგულაციებს. 

 

-რამდენ ხანში ერთხელ უნდა ეწვიოს გადამოწმებისთვის, გეგმიური ვიზიტით ადამიანი სტომატოლოგიურ კლინიკას? 

-განსაკუთრებით, პაროდონტოლოგიაში, დროული პროფილაქტიკური, გეგმიური ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, პირის ღრუში გაჩენილი, განსაკუთრებით ღრძილების ანთებითი დაავადებები, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა იყოს პრობლემა და ის გვიან გამოვლინდეს, ამას სერიოზული გართულება მოსდევს ხოლმე თან. აღარ არის სტანდარტი, რომ 6 თვეში ერთხელ ვიზიტი საკმარისია, უკვე განიხილება პაროდონტოლოგის მიერ ინდივიდუალური დაგეგმვა, შესაძლოა ეს იყოს 3-4 თვიანი ინტერვალითაც. ასეთი შუალედი არის მაშინ, როცა პირის ღრუს ჰიგიენა არაა დამაკმაყოფილებელი, ასევე ორსულებისთვის და იმ პირებისთვისაც, ვისაც პირის ღრუში აქვს იმპლანტები, ან ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები.  

 

-რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს არასასურველმა მდგომარეობამ?

-ბევრს ჰგონია, რომ პირის ღრუში არსებული პრობლემა ლოკალურია. სინამდვილეში კი, პირის ღრუს ჯანმრთელობა ორგანიზმის ჯანმრთელობას პირდაპირ უკავშირდება. პირის ღრუს პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზია ნადები და მასში არსებული ბაქტერიებია.

 

-საზოგადოების ცნობიერება თუ გაიზარდა ამ თვალსაზრისით?

-შეიძლება ითქვას, რომ 5 წლის წინ განსხვავებული სიტუაცია იყო. პაროდონტოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება მთელს მსოფლიოში, კვლევები ტარდება და ახალი გაიდლაინები ქვეყნდება. პაროდონტოლოგთა ასოციაცია კი ამ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს. ახალი მეთოდები მოიაზრებს იმას, რომ ღრძილების ანთებითი დაავადებები განკურნებადია, მათ შორის, პაროდონტიტიც. ასევე, უპირატესობა ენიჭება მაღალი დონის აპარატურით მკურნალობას და არა მონოთერაპიას, მაგალითად მალამოებით, ლაზერით თუ ანტიბიოტიკით მკურნლობას.

 

-მეჯენერები თუ ზრუნავენ თანამშრომლებთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე?  

-დღესდღეობით, პრაქტიკოსი ექიმები თავად ცდილობენ, ჩადონ რესურსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მენეჯერების ძირითადი მიზანი უფრო არის ის, რომ კონკრეტული აპარატი თუ ინსტრუმენტი გახადონ თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი. 

 

-უცხოელი პაციენტები თუ მოდიან საქართველოში სტომატოლოგებთან?

-ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სტომატოლოგია ძალიან განვითარდა, ბევრი უცხოელი პაციენტი გვყავს. ასევე, პაციენტებს შორის არიან ემიგრანტები, რომლებიც მკურნალობას აქ ამჯობინებენ.

 

-საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია როდის დაარსდა და რაზე მუშაობას?

-2015 წელს დაარსდა ახალგაზრდა ექიმი-პაროდონტოლოგების მიერ. ვცდილობთ ქვეყანაში ეს დარგი განვავითაროთ, უფრო მოთხოვნადი გავხადოთ. ამასთან, ვცდილობთ ექიმებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ვმონაწილეობთ საქართველოში საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში.ასევე შევქმენით პროექტი „მე ვიხეხავ კბილებს“, რომელიც ტარდებოდა სკოლებში.ახლა გამოვყოფდი პროექტს, რომელიც ორსულებზე, მათი ცნობიერების ამაღლებაზეა მიმართული.

 

-ასოციაციის საქმიანობის კონკრეტულ შედეგს თუ ხედავთ?

-გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ შედეგს ვხედავთ. ზოგადად, პირის ღრუს მოწესრიგება წინგადადგმული ნაბიჯია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.   

 

-სტომატოლოგიურ კლინიკებში არაჰიგიენური მიდგომები თუ კონტროლდება?

-ამ მხრივ, დამოკიდებულება შეცვლილია, მათ შორის ექიმების მხრიდანაც და ამას სამინისტროებიც აქცევენ ყურადღებას. რიგი კლინიკები ჯარიმდებიან და ამიტომ უკვე ცდილობენ ექიმები და კლინიკები ფეხის აწყობას.  

 

-თავად როდის დაინტერესდით პაროდონტოლოგიით?

უნივერსიტეტის პერიოდში პაროდონტოლოგიით გატაცებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ბოლო კურსზე აღმოვჩნდი ერთ-ერთ კლინიკაში პაროდონტოლოგის ასისტენტად და მივხვდი, თუ როგორ განვითარებულა და რა საინტერესო ყოფილა ეს სფერო.





სტუმარი: თათია როხვაძე - საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

Subscribe to our news

Get the main news of the day