Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქვეყანაში სურსათის ბანკები შეიქმნება - რა შეღავათებს მიიღებს სურსათის დონაციით ბიზნესი?

BM.GE
12.04.23 11:26
94
სურსათის ნარჩენების, მისი დანაკარგების და შეწირულობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესებს საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მისცემს, რაც ასევე წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით. თუ სურსათს ეტიკეტზე მითითებული ვადა გასდის, მოქმედი კანონი მისი მოხმარებისთვის გამოყენებას კრძალავს და ბიზნესს მისი ჩამოწერის ვალდებულება აქვს. წარმოდგენილი ცვლილებებით კი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დაბალი რისკის პროდუქციის მოხმარება, რომელიც ბუნებრივია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაშვებული გახდება. ეს კი მისცემს ბიზნეს სექტორს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პროდუქტი არ გაანადგუროს და გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სურსათის ბანკებს. 

სურსათის ბანკის ცნება ახალია კანონმდებლობაში, ამ სტატუსის მიღება არსებულ ან ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და ამავდროულად დააკმაყოფილებენ ჰასპთან გათანაბრებულ სტანდარტებს. ამასთან, ბიზნესის მხრიდან სურსათის შეწირულობა წახალისებული იქნება საგადასახადო შეღავათებით. დღეს ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%). წარმოდგენილი ცვლილებებით კი ბიზნესი გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის ნებაყოფლობითია. თუ ისინი დონაციის სისტემაში არ ჩაერთვებიან, ჩვეულებრივად შეეხებათ მოქმედი დაბეგვრის რეჟიმი. კანონპროექტზე უკვე მომზადებულია რეგულირების გავლენის შეფასება. მათ შორის გაკეთებულია გათვლა, რა შემოსავლები შეიძლება დაკარგოს ბიუჯეტმა ბიზნესისთვის საგადასახადო პრეფერენციებით. ეს თანხა ჯამურად წლის განმავლობაში დაახლოებით 0,5 მილიონი ლარია, რასაც ბიზნესი დეკლარირებისთვის საჭირო განაცხადის ატვირთვისთვის მოსაკრებლის სახით იხდის. შემოსავლებს დაკარგავს ასევე ის კომპანიები, რომლებიც კომპანიებს ვადაგასული სურსათის გატანის სერვისს აწვდიან. 

როგორ უყურებს დაანონსებულ ცვლილებებს ბიზნესი და აქვს თუ არა კერძო სექტორს კითხვები წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით?

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - საქართველოს "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;
შოთა ბურჯანაძე - "რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day