უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. სანქციები მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მიმართულებებს. რუსეთისთვის ყველაზე მძიმე ეკონომიკური სანქციებია, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საბრძოლო და ორმაგი დანიშნულების საქონლით საგარეო ვაჭრობის აკრძალვა, გარკვეული რუსული საქონლის იმპორტის შეჩერება, ასობით რუსი ბიზნესმენისა და მათი კომპანიების საქმიანობის შეჩერება, რუსეთის ეროვნული ბანკის და ოლიგარქების უცხოური აქტივების გაყინვა, მსხვილი რუსული ბანკების „სვიფტ“-ის სისტემიდან გათიშვა, ნავთობის ახალი მილსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება, რუსეთიდან ცნობილი ბრენდების გასვლა და კიდევ ბევრი სხვა. ეკონომიკური სანქციების მიზანია, რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო, მაღალი ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწიოს. ეკონომიკურ ფასში რუსეთის ეკონომიკის დასუსტება, შემცირება იგულისხმება. თუ მიზანი მიიღწევა, რუსეთი ფართომასშტაბიანი ომის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. ეკონომიკური სანქციების მოკლევადიანი მიზანი რუსეთისთვის იარაღის წარმოებაში პრობლემების შექმნაა. პირველ რიგში, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე მოლოდინების კუთხით იმოქმედა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუბლი 80%-ით გაუფასურდა, რამდენიმეჯერ შემცირდა რუსული კომპანიების აქციები ფასი, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები სწრაფად გაიზარდა, რუსეთის მოსახლეობის ნაწილმა სანქციებისგან თავის დასაღწევად სხვა ქვეყნებში დაიწყო გადასვლა.